"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდა.
კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა - საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი. აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები. აქვეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაც, რომელიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმგვარ მოწყობას, რომელიც თბილისისთვის, კვლევის ავტორის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდება. კვლევაში ხაზგასმულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაც. დეტალურადაა გაწერილი ტურიზმის სექტორის პრიორიტეტებიც.
რაც შეეხება, საავტომობილო ინფრასტრუქტურას, ამ სფეროსთვის იდენტიფიცირებული პრიორიტეტები ასეთია:
პრიორიტეტი - 1. სტრატეგიული გზების რეაბილიტაცია - მშენებლობა
აქცენტი გადატანილი იქნება საყრდენი საგზაო ინფრასტრუქტურის ღერძების და მასში გაერთიანებული ცალკეული გზების რეკონსტრუქცია - მშენებლობაზე. ქვეყნის საგზაო ინფრასტრუტურა აერთიანებს 6 ღერძს და მასში გაერთიანებულ 21 სტრატეგიულ საგზაო მონაკვეთს. აღნიშნული საგზაო მონაკვეთების დასრულების შედეგად, სრულად მოწესრიგდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მდგომარეობა.
პრიორიტეტი 2. თბილისი - სენაკი - ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება
პრიორიტეტულად აქცენტი გადატანილი იქნება, „ქართული ოცნების“ მიერ, 2018 წლიდან 7 ჯერ გაცემული დაპირების და დღესაც დასრულებელი თბილისი - სენაკი - ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. სინქრონულად განხორციელდება დარჩენილი და დაუსრულებელი - სამტრედია-გრიგოლეთის, ჩუმათელეთი-ხევის, ზემო ოსიაური-რიკოთის, შორაპანი-არგვეთას, უბისა-შორაპნის, თბილისი - წითელი ხიდი/სადახლოს, თბილისის და ბათუმის შემოვლითი გზების და ბათუმი - სარფის მონაკვეთების მსენებლობაზე. ორ წელიწადში სრულად დასრულდება, წითელი ხიდი - სარფის, 430 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა. შედეგად, მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდება.
პრიორიტეტი 3. კახეთის საავტომობილო გზების მშენებლობის დასრულება
პრიორიტეტული იქნება კახეთის რეგიონის მრავალპლასტიანი განვითარებისათვის, გზების კომპლექსური პროგრამის განხორციელება, სადაც გადამწყვეტი ადგილი ღვინის გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას დაეთმობა, ამ მიზნით აქცენტი გადატანილი კახეთის საავტომობილო გზების 180 კმ ის მშენებლობა რეაბილიტაციაზე, რომელზეც განსაზღვრულია 2 მილიარიდი ლარის ფინანსური სახსრების მოზიდვა. 2017 წლიდან დღემდე „ქართული ოცნებამ“, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით, შეძლო მხოლოდ 600 მლნ ლარის მობილიზირება. კახეთის რეგიონში 5 საგზაო მონაკვეთის შესაკვრელად, დარჩენილი 1.4 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსის მობილიზება და საგზაო პროექტებში აკუმულირება ორი წლის განმავლობაში იქნება განხორციელებული.
პრიორიტეტი 4. ლენტეხი - მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა
2012 წ - „ქართული ოცნების“ ლიდერი ბ. ივანიშვილი სვანეთის მოსახლეობას დაპირდა -„რომ იცოდა მოსახლეობის გასაჭირი და მესტია - ლენტეხს შორის უმოკლესი გვირაბით გზას გაიყვანდა“. მომდევნო წლებში აღნიშნულ პროექტს მოჰყვა - დაუსრულებელი დაპირებები, 2021 წლის სექტემბერში - გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. მიუხედავად განუხორციელებელი დაპირებისა, აცენტი გადატანილი იქნება მესტიისა და ლენტეხს შორის საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობაზე. პროექტის მიხედვით, გზა სათავეს აიღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან და მდინარე ლასკადულას ხეობით მესტიისკენ გაივლის, 14 კილომეტრის შემდეგ გათვალისწინებულია 9 კილომეტრიანი საავტომობილო გვირაბის მოწყობა. გვირაბის გავლის შემდეგ 12 კმ სიგრძის საპროექტო მონაკვეთი ლაილაჭალას ხეობის გაყოლებით მესტიისკენ გაივლის, სადაც მდინარე ენგურის გადაკვეთით, მესტიამდე მისასვლელ მოქმედ საავტომობილო გზას შეუერთდება.
პრიორიტეტი 5. სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილო მონაკვეთის დასრულება, დაზიანებული ხიდის აღდგენა
დონორების მიერ დაფინანსებული, სამტრედია - გრიგორეთის გაჭიანურებეული საავტომობილო გზის მონაკვეთი, ტიპიური მაგალითია, „ქართული ოცნების“ მიერ ფინანსურუდ ტევადი პროექტების მართვის უუნარობისა. სამტრედია - გრიგორეთის მთლიანი მონაკვეთის ღირებულებამ 2013 წლიდან - 2023 წლებში - 3.8 ჯერ გაიზარდა და მიუხედავად დაანონსებული ვადების 4 ჯერ დასრულებისა, დღესაც გაურკვეველია მისი დასრულების საბოლოო თარიღი. განსაკუთრბით პრობლემურია პირველი ლოტი, და მასში მოქცეული რიონის „ჩამონგრეული“ სახიდე გადასასვლელი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მშენებლობის პროცესში წინასწარ ცნობილი იყო დაზიანებული მე-7 ბურჯის შესახებ, პრობლემის აღმოუფხვრელობამ ზემოქმედება იქონია მე - 8 ბურჯზე და ხიდი ჩაინგრა. სადღეისოდ ხიდის აღსადგენას და პროექტის დასრულებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 100 მლნ ლარი ესაჭიროება. შედეგობრივად, კი დაუსრულებელი საგზაო მონაკვეთი - აღმოსავლეთ - დასავლეთ ავტომაგისტრალის გამართულ ფუნქციონირებაში, შეფერხებას იწვევს.
პრიორიტეტი 6. ანაკლიის და ფოთის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი სამტრედია - ზუგდიდის შემოვლითი გზის მშენებლობა
მიუხედავად, 2019 წელს „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული განუხორციელებელი დაპირებისა - ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კილომეტრიანი გზის ნავსადგურის ფუნქციონირებამდე აშენების შესახებ. ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის და ფოთის ნავსადგურის ჩრდილოეთ მიმართულებით გაფართოების პერსპექტივის გათვალისწინებით, აქცენტი, ქვეყნის სანავსადგურე სიმძლავრეების გაზრდის პარალელურად გადატანილი იქნება, ორივე ნავსადგურთან მისასვლელი სამტრედია - ზუგდიდის 90 კმ იანი შემოვლითი გზის და ანაკლიის ნავსადგურთან მისავლელი გზის და რკინიგზის მშენებლობაზე.
პრიორიტეტი 7. თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა
თბილისის აგლომერაციის ფარგლებში სატრანზიტო ნაკადის განსატვირთავად, აქცენტი გაკეთდება 2016 წელს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ და განუხორციელებელ, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაზე. თბილისის შემოვლითი გზის სიგრძე 50 კმ ია, გზა, მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ზაჰესის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება. თბილისის შემოვლითი გზა, თბილისის გვერდის ავლით, უმოკლესი გზით, უზრუნველოფს სომხეთ - აზერბაიჯანის და რუსეთის მიმართულებებით საავტომობილო სატვირთო ნაკადის გადამისამართებას.
პრიორიტეტი 8. ჩუმათელეთი - ხარაგაულის საავტომობილო გზის მშენებლობა - რეაბილიტაციის დასრულება
ჩუმათელეთი - ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას, ტრასის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში 30 000 მცხოვრების გადაადგილების პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. მიუხედავათ იმისა, რომ 2018 წლიდან გაცემული დაპირებები, მშენებლობის დასრულების შესახებ სამჯერ დაირღვა, ამასთან, წინაარჩევნოდ დამატებითი დაპირება, ხარაგაულის მერობის კანდიდატმაც გასცა, ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გზა სადღეისოდ დაუსრულებელია. ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობების გაადვილების მიზნით, აქცენტი გადატანილი იქნება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა - ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის მოკლე ვადებში დასრულებაზე.
პრიორიტეტი 9. ბათუმი - სარფის საავტომობილო გზის მშენებლობა
საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება, ბათუმი - სარფის საავტომობილო გზის მშენებლობის განხორციელების ვადები სამჯერ დაირღვა, პირველად 2018 წელს - „სივრცითი მოწყობის“ გეგმის დაანონსებისას, როდესაც მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით, 2019 წელს გაიცა მეორე დაპირება - 2020 – 2022 წწ გზის მშენებლობის ეტაპობრივად დასრულულების შესახებ, მესამედ - 2020 წელს, 2021 – 2024 წწ განისაზღვრა პროექტის განხორციელების ვადად. 2024 წ მდგომარობით, პროექტის განხორციელება არ დაწყებულა. შავი ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11.4 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას, ახალი გზის უმეტესი ნაწილი მთლიანი სიგრძის 67% გვირაბში გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამოკლებს გზის სიგრძეს, რომელიც ამჟამად სანაპირო ზოლს მიუყვება და გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს.
პრიორიტეტები გამოკვეთილია წყალარიმნება-წყალმომარაგების სფეროშიც. შესაბამის სტატიას, კვლევაზე დაყრდნობით, "კომერსანტი" 21:30 საათზე შემოგტავაზებთ.