ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე 26 060 მდინარე, 43 ხელოვნური წყალსაცავი და 730-ზე მეტი მყინვარია. სასმელი წყლის მარაგების შემცირების გამო მისი ეკონომიკური და სტრატეგიული ფასი მუდმივად იზრდება. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა მარტო ამ რესურსსაც შეუძლია. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება დღეს, როცა კლიმატის ცვლილებამ დედამიწაზე ბევრი რამ შეცვალა, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვესაუბრება.
- წინა საუკუნეში ეს მოსაზრება არცთუ უსაფუძვლო იყო: სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჩვენი წყლის მარაგი უსასრულოა... ეს მყინვარების სიმრავლით აიხსნებოდა, რადგან მყინვარი მტკნარი წყლის მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა ბოლო ხანებში ჩვენი მყინვარების 1/3 დნობის პროცესშია, ხოლო ჩვენი მდინარეების დიდი ნაწილი წვიმის წყალზეა დამოკიდებული. კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში ახალი რეალობა იკვეთება. დასავლეთ საქართველოშიც კი, სადაც მტკნარი წყლის დიდი რესურსია, ბოლო ხანებში ეს რესურსი შემცირდა. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, იქ წყლის დეფიციტი ყოველთვის იყო და დღესაც არის.
ტემპერატურა მთელ მსოფლიოში საშუალოდ 1,5-2 გრადუსითაა გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ზაფხული გვქონდა, ჩვენს მდინარეებში წყლის დონე არ მომატებულა.
- როგორ შეიძლება დეფიციტის დროს წვიმის წყლის გამოყენება?
- წვიმის წყალი უნდა გამოვიყენოთ როგორც ტექნიკური წყალი, მაგრამ ამისათვის დაგროვების სისტემა უნდა გვქონდეს. აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მარაგი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დასავლეთ საქართველოში კი შაორის წყალსაცავი გვაქვს, რომელიც ენერგოსისტემას ამარაგებს. შაორსა და სხვა წყალსაცავებს ნაკლიც აქვს: მთის მდინარეებს თან დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი ჩამოაქვს, რასაც გასუფთავება სჭირდება.
ადრე მიიჩნევდნენ, რომ წყალი აღდგენადი რესურსია, მაგრამ 2000 წელს გაეროში "მილენიუმის" ერთ-ერთ სამიტზე გამოცხადდა, რომ წყალი არ არის აღდგენადი რესურსი და ის მთლიანად დამოკიდებულია ტყეების რაოდენობაზე. წყლის რესურსს სწორედ ტყე ინარჩუნებს - ის არის წყალწარმომქმნელი. ამიტომ, თუ გვინდა, რომ წყალი გვქონდეს, მდინარეთა ნაპირები და ჭალის ტყეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ.
- ჩვენთან ტექნიკური წყალი არ არსებობს და ავტომანქანებსაც სასმელი წყლით რეცხავენ, როცა ევროპის უმდიდრეს ქალაქებში ამაზე დიდი ჯარიმებია დაწესებული?
- როგორც წესი, დიდ ქალაქებში ორნაირი წყალსადენი მოქმედებს: ერთი სასმელი წყლისთვისაა, ხოლო მეორე - ტექნიკური წყლისთვის. საქართველოში ტექნიკური წყლის წყალსადენები არა გვაქვს. წესით და რიგით, უნდა გვქონდეს და სარეცხ საშუალებად სწორედ ტექნიკური წყალი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ იმის გამო, რომ თავის დროზე სასმელ წყალს არავინ უფრთხილდებოდა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს და ტექნიკური წყალი დიდ ქალაქებშიც კი არა გვაქვს. არადა, ტექნიკური წყლის გამოყენება საშური საქმეა, იმიტომ, რომ სასმელი წყლის მიღება უფრო ძვირადღირებული და ხარჯიანია.M მას გასუფთავება, გაფილტვრა და დაქლორვა სჭირდება. თუმცა მსოფლიოში სხვა მეთოდებიც შეიმუშავეს, კერძოდ, სუფთა სასმელ წყალს დაქლორვით კი არ იღებენ, არამედ ოზონის გამოყენებით. ჯერჯერობით საქართველოში ეს ტექნოლოგიაც არა გვაქვს. 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევიდა კანონი "წყლის შესახებ", რომელიც ევროკავშირის ჩარჩო-დირექტივას შეესაბამება. ამ კანონის აღსრულებას უნდა მოჰყვეს რეგულაციები, რომელიც ყველა ქალაქს და დასახლებულ პუნქტს შეეხება. მათ შორისაა, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და გამწმენდი ნაგებობების მოწყობა, რაც საქართველოს რეგიონებს განსაკუთრებით სჭირდება. კანონის მიხედვით განაწილებულია, რა ვალდებულებები ექნება ამ პროცესში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას.
- 21-ე საუკუნეა და ზოგიერთ რეგიონში ხალხს წყალი არა აქვს.
- დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ძირითადად მიწისქვეშა წყლის რესურსს ანუ ჭებს და წყაროებს იყენებს. იგივე სიტუაციაა აღმოსავლეთ საქართველოშიც. სულ 4 ათასამდე დასახლებული პუნქტი გვაქვს და უმრავლესობა ჭებით მარაგდება. წყაროებისა და ჭების შენარჩუნება აუცილებელია, რადგან მოსახლეობა სასმელი წყლით ასე მარაგდება, თუმცა წყალმომარაგების სისტემის შექმნაც საჭიროა, რასაც დიდი თანხა დასჭირდება, მაგრამ სადავო ნამდვილად არ არის, რომ წყალი ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს. ინფრასტრუქტურისა და წყალსადენების მოწესრიგება თბილისშიც აუცილებელია, რათა მილსადენებიდან წყალი არ იკარგებოდეს. ჯერჯერობით ყველგან და ყველა სფეროში სასმელ წყალს ვიყენებთ, თუმცა, როგორც კი ტექნიკური წყალი გაჩნდება, მოსახლეობა მის გამოყენებას შეეჩვევა.
- ცნობილია, რომ ისრაელი სუფთა სასმელ წყალს ზღვის წყლის გამტკნარებით იღებს. ეს რამდენად ეფექტიანი მეთოდია?
- საქართველოში, იქ, სადაც ზღვაა, მტკნარი წყალიც გვაქვს. აზიურ ქვეყნებში კი, სადაც წყლის დეფიციტია, ამ მეთოდის დანერგვაზე სერიოზულად ფიქრობენ და მუშაობენ. ჩვენ წყლის დეფიციტი გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ზღვა არ არის. ტექნიკურად ძალიან რთულია გამტკნარებული ზღვის წყალი აღმოსავლეთ საქართველოს მიაწოდო, თანაც წყლის მოპოვება იმდენად ძვირი არ უნდა იყოს, რომ მოსახლეობას მისაღებ ფასში ვერ მიაწოდო.
წყალს თითოეული ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს, მაგრამ როგორ? - მაგალითად, მტკნარი წყალი, რომელსაც სასმელად ვიყენებთ, რეგიონებში სარწყავად გამოიყენება, რაც ამ რესურსის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ, თუნდაც წვეთოვანი რწყვა, რომელიც გაცილებით ეფექტიანია. ამ დროს წყალსაც ზოგავ და მცენარესაც იმდენს აწვდი, რამდენიც სჭირდება. ვრცელ მდელოებს, სადაც ხორბლის ნათესებია, ამ გზით ვერ მოვრწყავთ, მაგრამ ბაღებში ეს სავსებით შესაძლებელია. ტექნოლოგია ბევრნაირია და ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეიძლება. თუ ჩვენს ჰიდრორესურსებს სწორად გავანაწილებთ და წყალსადენებზე არსებულ დანაკარგებსაც აღმოვფხვრით, სუფთა წყალი საკმარისად გვექნება. უბრალოდ, ამ სიმდიდრეს გაფრთხილება, სწორი მართვა და გონივრული გამოყენება სჭირდება.