„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტს უახლოვდება, ხოლო კანონის მიზანია პრევენცია და მაუწყებელთა დარღვევაზე ადეკვატური რეაგირება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არჩილ გორდულაძე არ გამორიცხავს რომ ცვლილება ონლაინმედიებსაც შეეხოს.
„თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოება ინფორმაციის დიდ ნაწილს ამ მედიებიდან იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს“, - ამბობს არჩილ გორდულაძე.