თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კამპუსი ექნება - ინფომაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
თსუ-ს ცნობით, ახალი შენობა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. აქვე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
ახალი ინიციატივა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის იუბილეზე წარუდგინა.
მისი თქმით, ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის აშენებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის ცხადდება ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფცია უნდა შემუშავდეს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტისა და მახასიათებლების გათვალისწინებით.
გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია. საპროექტო სამუშაოს შესრულების ვადა დაიყოფა 4 ეტაპად. კონკურსის დასრულების საბოლოო ვადა 10 ივლისია.
დამატებითი საკონკურსო დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.