დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს უფრო მასშტაბიანი იქნება. ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს იუსტიციის სახლის ავტოსადგომი დაემატება, სადაც ყინულის მოედანი განთავსდება. ყინულის მოედანი წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვა არეალის მორთვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვის ტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნესსექტორი. დარწმუნებული ვარ, წელსაც ბიზნეს სექტორისგან დიდი დაინტერესება იქნება და ერთად გავალამაზებთ ჩვენს დედაქალაქს. მინდა, ამჯერადაც მოვუწოდო მათ აქტიურობისკენ. მზად ვართ, გამოვუყოთ შესაბამისი სივრცეები, მათ კი შეუძლიათ, ერთგვარი პიარკამპანია ჩაატარონ. ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.