საქართველოში მთის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის მიზნით, სვანეთში ორგანიზაცია „შან-ლენდი" წარდგენილი იყო 4 ტურისტულ ნომინაციაში: სათავგადასავლო შეთავაზებები, სალაშქრო ფესტივალის პანელური დისკუსია, საქართველოს სათავგადასავლო შთაბეჭდილებების წარდგენა და ზემო სვანეთის და რაჭის სალაშქრო მეგზურის პრეზენტაცია.

„ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, ჩვენ ვნახეთ დიდი კონტრიბუცია უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით გამოვყოფდი რეგიონალური ტურიზმის, „დიემო"-ების გაძლიერებას. ეს ასევე აძლიერებს რეგიონებში ოპერირებად მცირე და საშუალო მეწარმეებს. დონორების მხარდაჭერით, ჩვენთან ერთად ბერლინში იმყოფებოდა სვანეთის „დიემო", რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად რეგიონის პოპულარიზაციასაც." - აცხადებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

ITB Berlin 57 წლის განმავლობაში ინარჩუნებს  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დაწარმომადგენლობითი გამოფენის სტატუსს ტურიზმის სექტორში. წელს 80-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობდა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებიდან, რომლებსაც გასაოცარი შესაძლებლობა ჰქონდათ, დაემყარებინათ ბიზნეს-ურთიერთობები საერთაშორისო  ტურიზმის ინდუსტრიის მოწინავე წარმომადგენლებთან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი, დომინიკ პაპენჰაიმი ხაზს უსვამს საქართველოს ტურისტული შეთავაზების ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების მნიშვნელობას - „მივესალმები ქართული ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებს, მათ შორის, სვანეთის „დიემოს" მონაწილეობას წლევანდელ ITB-ზე. ვიმედოვნებ, რომ ქართული ტურისტული ოპერატორებისთვის ეს ვიზიტი სასარგებლო იქნება, რათა მათ შეძლონ საკუთარი პროდუქტების უახლესი ტენდენციების შესაბამისად განვითარება და ასევე, ახალი პარტნიორების შეძენა, მწვანე და ციფრული  მიმართულებით გადასასვლელად ".

სვანეთმა, როგორც საქართველოს დამალულმა მთის საგანძურმა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და აღმოჩენები შესთავაზა საერთაშორისო ვიზიტორებს.

„ITB Berlin-ზე ჩვენ წარვადგინეთ ტურისტული პროდუქტები, ეს არის საფეხმავლო ტურები, კულტურული ტურები, პილიგრიმული ტურები, კულინარიული ტურები და სათხილამურო ტურები. ეს გამოფენა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალფეროვანი პროდუქტებით საერთაშორისო აუდიტორიას დამალული მთის საგანძური გავაცნოთ, მოვიზიდოთ ტურისტები, რაც  რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას გამოიწვევს.  " - გვიამბობს სვანეთის DMO-ს ხელმძღვანელი დავით ჟორჟოლიანი.

გარდა გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა, ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო პოზიციონირდეს, როგორც ევროპული კულტურის და ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

„ერთის მხრივ საქართველო, როგორც ქვეყანა მზადაა თავისი კონტრიბუცია შეიტანოს ევროპულ ტურიზმში, შესთავაზოს ახალი სერვისები, შესთავაზოს ახალი ქვეყანა აღმოსაჩენად და მეორეს მხრივ, თავისი, უკვე წარმატებული ევროპელი კოლეგებისგან გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც მათ დაუგროვდათ," - ასე აფასებს საქართველოს პერსპექტივას ბრენდის ექსპერტი ლევან კობერიძე.

მსგავსი ტიპის პლატფორმებზე მონაწილეობა საქართველოსთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს,  შეიძინოს მყარი ბიზნეს-კავშირები,  კიდევ უფრო კარგად გააცნოს ევროპულ ქვეყნებს საკუთარი ტურისტული პოტენციალი, რაც თავის მხრივ განაპირობებს გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს და ტურიზმის ინდუსტრიის ახალ ნიშნულებამდე აყვანას.