“სულ მცირე 20 გაკვეთილის გავლა მაინც არის საჭირო, როცა ნულიდან იწყებ, რომ მართვის მოწმობის ქალაქის გამოცდაზე მომზადებული გახვიდე,“ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ სივრცეში გატანის შემდეგ, ჩაჭრილების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „საშუალოდ, პირველივე გასვლაზე მხოლოდ 10%, მაქსიმუმ 15% აბარებს. მეორე გასვლაზე - დაახლოებით, 35-40%-ია ჩაბარების მაჩვენებელი, ხოლო მესამე გასვლაზე უკვე 60-70% აბარებს“, - განმარტავს „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.
გიორგი ბერიშვილი ავტოსკოლების მომსახურების მოთხოვნის ზრდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მის ავტოსკოლაში 2023 წელთან შედარებით 2024 წელს 10%-იანი ზრდა ჰქონდათ A და B კატეგორიების ნაწილში, თუმცა, რაც შეეხება, C და D კატეგორიებს, რაც ქალაქში გავიდა გამოცდა, ამ კატეგორიებზე მომართვიანობა 70%-ით არის შემცირებული.
„ამ ეტაპზე, მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი E კატეგორიაზე, რადგან უახლოეს პერიოდში, განიხილება რომ E კატეგორიაც, ანუ ტრაილერის მართვის მოწმობის აღებაც, ქალაქის გამოცდას დაექვემდებარება. ამიტომ, მსურველები ცდილობენ, მოასწრონ და მხოლოდ თეორიული გამოცდით და მოედნის ჩაბარებით შეძლონ სასურველი კატეგორიის აღება“, - აღნიშნავს გიორგი ბერიშვილი.
„არტ დრაივის“ დამფუძნებელი სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და ყურადღებას არაჯანსაღ კონკურენციაზე ამახვილებს.
„ჩვენ ვისაც რეგისტრაცია გავლილი გვაქვს მომსახურების სააგენტოში, კონკურენციის გაწევა გვიწევს ისეთ ფსევდო ავტოსკოლებთან, რომლებიც არსად არ არიან დარეგისტრირებული, შესაბამისად, არანაირ გადასახადს არ იხდიან და მძღოლობის კანდიდატებს დაბალ ფასად ამზადებენ. ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, აუცილებელია ავტოსკოლებისთვის კონტროლის მექანიზმის გამკაცრება“, - განაცხადა ბერიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ავტოსკოლების მიმართულებით რეფორმას ითხოვენ ავტო ექსპერტებიც. როგორც ჩვენთან საუბარში „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელი დავით მესხიშვილი ამბობს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ავტოსკოლების საქმიანობა ლიცენზირებული არ არის. მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, თუ რა რაოდენობის ავტოსკოლა საქმიანობს. ასევე, რამდენი ლიცენზირებული და კვალიფიციური ინსტრუქტორია.
მესხიშვილის ინფორმაციითვე, საქართველოში დღითი დღე მზარდია ე.წ თვითმარქვია ავტოსკოლების რიცხვი, რომლებიც მართვის მოწმობის აღებით დაინტერესებულ პირებს ხრიკების და კოდირების გზით ასწავლიან და რეალურ ცოდნას არ აძლევენ. შესაბამისად, რისკი იმის, რომ მართვის მოწმობა უცოდინარი ადამიანის ხელში აღმოჩნდება, კვლავ დიდია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ჯამურად 2024 წელს გაცემულმა მართვის მოწმობების რაოდენობამ 28 733 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4%-ით აღემატება.