ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ჰქონდათ გავლენა.
როგორც ISET წერს, კვლევაში გამოიკვეთა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდასა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების წილს შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„სიღარიბის და ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლების გათვალისწინების შემდეგაც, კვლევის შედეგები ცხადყოფს სოციალური დახმარების პროგრამების ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე. კვლევის თანახმად, მოსახლეობაში სოციალური დახმარების მიმღებთა წილის 1 პროცენტული პუნქტით ზრდა იწვევს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების წილის 0.47–0.53 პროცენტული პუნქტით ზრდას.
არჩევნების საერთო კონტექსტის და შედეგების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების გაფართოებამ შესაძლოა დამატებით 45,500-დან 50,000-მდე ხმა მოუტანა „ქართულ ოცნებას“, რაც ხმების საერთო რაოდენობის 2.2–2.5 პროცენტს შეადგენს. შედეგები აჩენს კრიტიკულ კითხვებს სოციალური დახმარების პროგრამების, როგორც პოტენციური სტრატეგიული პოლიტიკური იარაღის, გამოყენებასთან დაკავშირებით.
რეგრესიული ანალიზის სხვადასხვა მოდელს შორის შედეგების მსგავსება ცხადყოფს, რომ გამოვლენილი ტენდენციები არ არის მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის თანმდევი შედეგები, არამედ ასახავს არსებით კავშირს სოციალური დახმარების გაფართოებასა და არჩევნების შედეგებს შორის. აღნიშნული მიგნებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული მმართველობის საკითხთან მიმართებით. სოციალური დახმარების პროგრამების ამგვარი სტრატეგიული გამოყენება საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ და ხაზს უსვამს მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საჭიროებას სოციალური დახმარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
სოციალური დახმარების პროგრამების ორმხრივი გავლენის, სიღარიბის შემსუბუქებისა და პოლიტიკური ქცევის ფორმირების, აღიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ სოციალური დახმარება მიმართული იყოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე“, - ნათქვამია კვლევაში.