სოფლის მეურნეობის პროდუქტი IV კვარტალში წლიურად 4.8%-ით, III კვარტალთან შედარებით კი 12.8%-ით გაძვირდა. ინფორმაციას „საქსტატის“ აქვეყნებს.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსის მიხედვით, გასული წლის ბოლო კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ცვლილება ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.2%-იანი ზრდით, რამაც 6.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ხოლო წლიურად სოფლის მეურნეობის პროდუქტის წლიური ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 6.4%-იანი მატებით, რაც 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 1%-ით შემცირდა, რამაც შესაბამისად, 1.48 და -0.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.