„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ მესამე წელია სურსათის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივ ვადაშია. ცენტრმა სასამართლოს 2022 წელს მიმართა და სააგენტოს მიერ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების დროული გამოქვეყნება მოითხოვა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ წლებია ისინი სააგენტოსგან დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

,,ვითხოვთ იმას, რომ სურსათის სააგენტომ ყოველთვის, როდესაც აქვს ლაბორატორიული დასკვნა, რომ მის მიერ კონტროლის ფარგლებში შემოწმებული სურსათი არის მავნებელი და არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილი უვნებლობის მოთხოვნებს, მაშინვე, ყოველთვის გამოაქვეყნოს თავის საიტზე განცხადებები ამ კონკრეტული პროდუქტისა და სურსათის დასახელებით, რომელსაც ექნება გაფრთხილება, რომ მომხმარებელმა ეს კონკრეტული პარტიის სურსათი არ მოიხმაროს. ეს ხომ არ არის ერთი ცალი. უნდა დასახელდეს კონკრეტული პარტია. მომხმარებელი სადმე თუ წააწყდება არ უნდა იყიდოს და თუ უკვე შეძენილი აქვს არ უნდა მოიხმაროს. მაღაზიამ ამ პარტიის ნიმუში აღარ უნდა გაყიდოს. ეს ლოგიკურია. რა არის ამაში განსაკუთრებული, რომ ასე გააკეთოს. აბა რას აკეთებს მაკონტროლებელი უწყება, თუ ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, ეს არის ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკა. ამას ვითხოვთ ჩვენ, რომ სააგენტოს მიერ ყოველდღიურ პრაქტიკაში იყოს დანერგილი ინფორმაციის გავრცელება. ასე კი არ ხდებოდეს, რაღაც შერჩევით და მაშინ, როცა საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ თუ იმ საკითხის მიმართ, ან სადმე კულუარებში გათვლები თუ არის მაშინ, რომ ხდება გამოქვეყნება. ეს კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ სისტემატურად უნდა ქვეყნდებოდეს.’’- აცხადებს ვახტანგ კობალაძე.  

სასამართლოში დავის დაწყებამდე „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ სურსათის სააგენტოს წლების განმავლობაში რამდენჯერმე მიმართა და ინფორმაციის დროულად გავრცელების პრაქტიკაში დანერგვა მოითხოვა. ვახტანგ კობალაძე განმარტავს, რომ მათ მიმართვებს სააგენტოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც ცენტრმა მთავრობასა და პარლამენტს წერილები რამდენჯერმე გაუგზავნა.

,,2017 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მიმართვები. დავაფიქსირეთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ინფორმაციის გავრცელება არ ხდებოდა სისტემატურად. დავიწყეთ სააგენტოსთვის მიმართვით. მერე გადავედით სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, რადგან სააგენტო ექვემდებარება მას. შემდეგ ავედით კიდევ უფრო ზემოთ. მივმართეთ მთავრობას, პრემიერ-მინისტრს 2 ჯერ მივწერეთ, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს მივწერეთ სულ მცირე 2 ჯერ. ყველა შესაძლო შემთხვევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ. არაფერმა რომ არ გაჭრა, მერე უკვე 2022 წელს მივმართეთ სასამართლოს. 2022 წლის მერე, 2 წლის განმავლობაში საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა სასამართლოდან. მხოლოდ 2024 წლის ზაფხულში დაიწყო პროცესები.’’- განმარტავს ვახტანგ კობალაძე.  

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს იმედი არ აქვს, რომ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს. ვახტანგ კობალაძე მიზეზად მოსამართლის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ასახელებს.

,,მოსამართლეს არც დაუმალავს, რომ სააგენტოს პოზიციას იკავებს. ჯერ არ მოუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ სხდომებზე მოსამართლეს არ დაუმალავს, რომ არ აპირებს ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ არ მაქვს არანაირი დადებითი მოლოდინი.’’- აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სურსათის ხარისხისა და უსაფრთხოების მაკონტროლებელი ორგანოების მიერ ინფორმაციის პროაქტიურად გავრცელების პრაქტიკა მსოფლიოში მიღებულია. მისივე თქმით, ამისი კარგი მაგალითია ევროპული უწყებების საქმიანობა, რომლებიც ოფიციალურ ვებ-გვერდებზე დარღვევების შესახებ ინფორმაციასა და გაფრთხილებებს სისტემატურად აქვეყნებენ.