შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით.
ჩარიცხვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღებული შედეგებისა და თითოეულ პროგრამაზე მიმდინარე კონკურსის გათვალისწინებით, აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება პროგრამათა რეიტინგულ სიაში. სწორედ ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში. კერძოდ, შეცვალოს პრიორიტეტები, დაამატოს სრულიად ახალი საბაკალავრო თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რითაც იზრდება ჩარიცხვის შანსი.
აღნიშნული მიდგომა არახალია და წლებია ამ პრინციპით ხდება აბიტურიენტთა ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აქვე შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს აქვს საშუალება, თავის პირად გვერდზე, რეიტინგულ სიაში შეუზღუდავად შეიტანოს საგანმანათლებლო პროგრამები, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი მხოლოდ ერთს, ან რამდენიმე პროგრამას ირჩევს, რაც ავტომატურად ამცირებს ჩარიცხვის შანსებს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ დროს, იმისდა მიუხედავად, რომ აბიტურიენტს თითოეული საგნისათვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახული აქვს, ის ვერ ირიცხება ვერცერთ პროგრამაზე.
გაცნობებთ, რომ 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი. აქედან:
- 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- 1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო;
- 3 744 აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
NAEC-ის რეკომენდაციაა, რომ აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება – როდესაც მათი შედეგები, კონკრეტულ პროგრამაზე არსებული კონკურსის გამო, არასაკმარისია ჩარიცხვისთვის, მათ უნდა მიუთითონ ცნობარის ჩამონათვალში არსებული სხვა პროგრამები, რაც ზრდის ჩარიცხვის შანსებს.
რაც შეეხება უნივერსიტეტებში სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლას, გაცნობებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმამდე არსებული მოდელი ყოველთვის უკავშირდებოდა აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ საუკეთესო შედეგებს. სწორედ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების საფუძველზე და მათ პროპორციულად მოიპოვებდა სტუდენტი სახელმწიფოსგან გრანტს – 50%, 70% და 100%-ის ოდენობით. 2013-2025 წლებში აბიტურიენტთა რაოდენობა, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი 100%-ის ოდენობით ჩარიცხულ აბიტურიენტთა 2.90%-დან 3.84%-მდე მერყეობდა.
მიმდინარე რეფორმის შედეგად 34 150 აბიტურიენტიდან სწავლას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით განაგრძობს 20 679 (60.55 %) აბიტურიენტი, მათგან:
- საბაკალავრო პროგრამები/სახელმწიფო - 17862 (52.30%)
- პროფესიული პროგრამები/სახელმწიფო - 1322 (3.87%)
- ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო - 1495 (4.38%)
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტრადიციულად უზრუნველყო ქვეყნის მასშტაბით ერთიანი, ობიექტური და გამჭვირვალე საგამოცდო პროცესის ორგანიზება და მოქმედი წესებისა და წინასწარ განსაზღვრული პრინციპების სრული დაცვით აბიტურიენტთა ჩარიცხვა.
ცენტრი მოუწოდებს კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ბრალდებებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“ – ნათქვამია განცხადებაში.