დასაქმება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება, რომელიც დროის სხვადასხვა პერიოდში აქტიურდება. ზაფხულის სეზონთან ერთად, მოთხოვნა იმატებს გარკვეულ საქმიანობებზე, განსაკუთრებით, მომატებულ ტურისტულ სეზონზე და ლოკაციებზე. მნიშვნელოვანია, რომ შეცვლილია სერვისის მიწოდებაც. საქართველოშიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება სეზონური დასაქმება, მათ შორის, ყველაზე მეტად, სტუდენტებისთვის.
საქართველოში მცხოვრებ სტუდენტებს, რომელთა დიდი ნაწილი სწავლისა და მუშაობის შეთავსებას ცდილობს, მცირე არჩევანი აქვთ. მათ, სხვადასხვა პროფესიის და კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, არ აქვთ საშუალება, სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, სწავლის შეწყვეტა მოუწევთ. დასაქმებისთვის ბარიერად კვლავ რჩება კვალიფიკაცია.
მაგალითად, Hospitality სფეროში - სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში, სადაც მუდმივი დეფიციტია კადრების, აუცილებელ მოთხოვნად რჩება ერთი, ან ორი უცხო ენის ცოდნა. ხშირ შემთხვევაში, პირველადი დასაქმების შემთხვევაში, მათ გარკვეული ტრენინგის გავლა მოუწევთ. მოთხოვნების გარდა, ახალგაზრდები ნაკლებად ირჩევენ ამ სფეროს, რადგან ანაზღაურება აქ კვლავ დაბალია და 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. მხოლოდ გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დაგროვების შემდეგაა შესაძლებელი ანაზღაურების ზრდაზე ფიქრი.
საკადრო დეფიციტია ისეთი სფეროებშიც, როგორიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, სადაც ასევე მაღალია მოთხოვნაა სეზონურ დასაქმებაზე. სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრარულ სფეროში სწორედ სეზონურად სჭირდებათ კადრები. ამ სეგმენტში კვალიფიკაცია ნაკლებად კრიტიკულია, თუმცა ახალგაზრდებს მეტწილად რეგიონებში ყოფნა მოუწევთ და ანაზღაურება აქაც კრიტიკულად დაბალია, რაც ძირითად დამაბრკოლებლად მიიჩნევა.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გახსნილი საზღვრების პირობებში, ბევრი ახალგაზრდა დასაქმების შესაძლებლობებს, მათ შორის სეზონურს, საზღვარგარეთ ეძებს. საზღვარგარეთაც სოფლის მეურნეობის მცოდნე ადამიანებზე, სანიტრებზე, ექთნებზე, მშენებლობის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებზე, დიდი მოთხოვნაა.
დასაქმების, განსაკუთრებით ახალგაზრდული დასაქმების მიმოხილვისას სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პლატფორმული ბიზნესები, რომელიც სულ უფრო ფართოვდება და მეტ ადამიანს აერთიანებს სხვადასხვა პლატფორმაზე.
პირველი ასეთი ცნობილი სერვისი მსოფლიოში უბერი იყო, ტაქსის მომსახურება, რომლის აპლიკაციაში ჩართვა შეეძლო ყველას და თავისი საჭიროების, დროისა და შესაძლებლობის ფარგლებში, აწვდიდა მომხმარებელს სერვისს.
მთელს მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარებამ მეტი ინტერესი გააჩინა პლატფორმული ბიზნესის მიმართ. სულ უფრო და უფრო მეტი სერვისი ხდება პლატფორმული, რომელშიც გაერთიანებული ადამიანები ხშირად არც კი იცნობენ ერთმანეთს და მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით ყიდიან სერვისს.
საქართველოშიც სულ უფრო პოპულარული ხდება მიტანის სერვისი და ეს დასაქმების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პლატფორმადაც იქცა.
ახალგაზრდების ნაწილი სწორედ ამ მიმართულებას ანიჭებს უპირატესობას. მიიჩნევენ, რომ ასეთ კომპანიებთან პარტნიორობა უფრო სარგებლიანია, რადგან მათ აქვთ მოქნილი გრაფიკი, სხვა სექტორებთან შედარებით მაღალი ანაზღაურება, სხვა საქმიანობით დაკავება პარალელურად, თუნდაც, რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად თანამშრომლობის შესაძლებლობა.
„სწავლის გადასახადის პრობლემა არ მაქვს, რადგან დაფინანსება მივიღე. თუმცა, თბილისში ბინის ქირისა და ყოველდღიური, სახარჯო ფული ნამდვილად მჭირდება. ვცადე მუშაობა რამდენიმე კაფეში, მაგრამ გრაფიკის შეთავსება ძალიან მიჭირდა და არც ანაზღაურება იყო საკმარისი. ახლა, განაცხადი მაქვს შეტანილი რამდენიმე კომპანიაში, რომ კურიერად დავიწყო მუშაობა და ველოდები მათ პასუხს. ვფიქრობ, ვიცი რომ მსურველი ბევრია. ნახევარ განაკვეთზე რომ ვიმუშაო, ბინის ქირისა და ყოველდღიური ხარჯებისთვის საკმარის თანხას გამოვიმუშავებ,“ - გვიყვება ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც რეგიონიდან თბილისში სასწავლებლად ერთი წლის წინ ჩამოვიდა.
ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობენ. საქართველოში დღეს არაერთი პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს, თუმცა, ახალგაზრდების მხრიდან მოთხოვნა არც ისე დიდია. უმეტესობა სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებას ანიჭებს უპირატესობას და მიზეზად პერსპექტივაში არსებულ ანაზღაურებას ასახელებს. მომსახურების სფეროში არსებული ანაზღაურება, პლატფორმულ ბიზნესთან შედარებით, დაბალია, თუმცა ეტაპობრივად ეს დეფიციტი და კონკურენცია აიძულებს მათ ანაზღაურება გაზარდონ.