ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გაეროს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს მოზარდებისა და ახალგაზრდების კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს.

როგორც unicef-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში.

აღინიშნება, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, კვლევის მიხედვით, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას (STEM) განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში იესპერ მოლერი აცხადებს, რომ მუდმივად ცვალებად სამყაროში, ბავშვებისა და მოზარდების უნარები და კომპეტენციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ისინი მომავალი ინოვაციების, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური პროგრესის მამოძრავებელი ძალაა.

"გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მთავრობებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მოზარდების ხარისხიანი განათლებისა და ტრენინგების ხელმისაწვდომობა. უნარების განვითარება იქნება ჩვენი მომავალი სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევეცდებით ერთად აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს განვითარებაში, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატებული გზა მოზარდობიდან ზრდასრულობისკენ", - განაცხადა იესპერ მოლერმა.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

- მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება.

-ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისათვის.

-მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მათი გაგება შეზღუდულია, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.

-მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები აწყდებიან გამოწვევებს კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერების და ციფრული საფრთხეების მიმართულებით.

-მოზარდები აწყდებიან სირთულეებს თვითრეფლექსიის, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციის და პიროვნული ზრდის მიმართულებით, ხშირად დემოტივირებულნი არიან საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მიმართებით.

-მენტალური ჯანმრთელობა რჩება კრიტიკულ საკითხად, შეზღუდული ხელმისაწვდომობით სერვისებზე და მეტი განათლების საჭიროებით ამ თემაზე.

კვლევის მიხედვით, მოსწავლეებში ძირითადი კომპეტენციების ეფექტიანად განვითარებისათვის აუცილებელია ფორმალური განათლების გაძლიერება სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით და არაფორმალური საგანმანათლებლო შესაძლებლობების მხარდაჭერა, განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფებისთვის. არსებული პლატფორმებისა და ბავშვთა უფლებების ცენტრების გამოყენებით, ხელმისაწვდომი ციფრული სასწავლო პლატფორმის შექმნა და ეთნიკური უმცირესობებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო შესაძლებლობების შეთავაზება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, კარიერული განათლების მხარდაჭერა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში, აუცილებელია ახალგაზრდების ყოვლისმომცველი განვითარებისათვის.