საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

პროექტის ავტორთა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება უპირველესად განპირობებულია დანაშაულის გახსნისა და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებით.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიღების შედეგად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეინახება კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.

„კანონის პროექტით განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები. კერძოდ, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.

ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.

გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის მისივე თანხმობით დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

პროექტის თანახმად, გენეტიკური პროფილის შენახვის ვადები დიფერენცირებული იქნება ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიებისა და პირის ასაკის მიხედვით.

ამასთან, დგინდება, რომ პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური პროფილი შეინახება გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით,“- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ხარჯებს, კანონის ამოქმედების პირველ ეტაპზე დაგეგმილია 100 ათასი ბიოლოგიური ნიმუშის აღება, რომელთა პროფილირების საერთო ხარჯი შეადგენს 13 121 790 ლარს, რაც დაფინანსდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. კადრების გადამზადებისა და შესაბამისი ხელსაწყოების შეძენის ხარჯები კი გათვალისწინებულია დონორი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ 507 974 აშშ დოლარის ფულად სახსრებში.

bpn.ge