შორეული ვარსკვლავი, რომლის ნათებაც უცებ სანთელივით აციმციმდა, ასტრონომებს საოცარი აღმოჩენის შესახებ აფიქრებინებს.

ჩვენგან დაახლოებით 11 600 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მზის მსგავსი ვარსკვლავის, Gaia-GIC-1-ის უცნაურ ცვლილებათა ანალიზის თანახმად, მისი უცნაური ქცევა ყველაზე კარგად შეიძლება აიხსნას მის უშუალო სიახლოვეში ორი ახალგაზრდა პლანეტის შეჯახებით.

„საოცარია, რომ ეს შეჯახება მრავალმა ტელესკოპმა დააფიქსირა რეალურ დროში. ამ დრომდე აღრიცხულია მხოლოდ რამდენიმე სხვა პლანეტური შეჯახება, მაგრამ არცერთს არ აქვს ამდენი მსგავსება იმ შეჯახებასთან, რომელმაც დედამიწა და მთვარე წარმოქმნა. თუ შევძლებთ ასეთი მომენტების დაკვირვებას გალაქტიკის მასშტაბით, ბევრს გავიგებთ ჩვენი პლანეტის ჩამოყალიბების შესახებ“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრონომი ანასტასიოს ძანიდაკისი.

პლანეტური სისტემები, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, უკიდურესად ქაოსური გარემოა. მტვრის გროვები იზრდება და პლანეტურ ჩანასახებად, იგივე პლანეტოშენადედებად გარდაიქმნება, თუკი სიმკვრივე ან გრავიტაცია ამის საშუალებას მისცემს, მიუხედავად იმისა, სხვა რა დაფრინავს ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო.

ამან შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შეჯახებები, როგორც ეს მეცნიერთა აზრით ჩვენი მზის სისტემაშიც ხდებოდა. გარდა შედარებით გვიანდელი ეპოქის მძიმე ბობმარდირებისა, როცა უთვალავი ასტეროიდი ეცემოდა ახალგაზრდა პლანეტებს, მიჩნეულია, რომ დედამიწას მარსის ზომის სხეულიც შეეჯახა, რის შედეგადაც მის ორბიტაზე გაიტყორცნა ნაშალი მასალა და ამისგან თანდათან ჩვენი მთვარე წარმოიქმნა.

სხვა ვარსკვლავთა გარშემო ასეთი შეჯახების მტკიცებულების პოვნა რთულია. პლანეტური შეჯახებები შედარებით მცირე მასშტაბებზე და სწრაფად ხდება, რჩება მხოლოდ მტვრის ხანმოკლე ღრუბლები, რომელთა დაფიქსირებაც რთულია.

თუმცა, ბოლოდროინდელი ფართომასშტაბიანი პროგრამებით, როგორიც იყო თუნდაც კოსმოსური ტელესკოპი „გაია“, ასტრონომები ერთდროულად ცის უდიდეს მონაკვეთებს აკვირდებიან, განუწყვეტლივ ზომავენ უამრავი ვარსკვლავის სიკაშკაშეს, ფერს და ადგილმდებარეობას, რათა დაიჭირონ ნებისმიერი ცვლილება მათ ქცევაში.

ვარსკვლავ Gaia-GIC-1-ის შემთხვევაში, ცვლილებები პირველად თითქმის ათი წლის წინ ჩაიწერეს. მაგრამ რაღაც უცნაური მხოლოდ მას შემდეგ შენიშნეს, რაც ძანიდაკისმა ძველი მონაცემები შეისწავლა.

„ვარსკვლავის სინათლე წყნარი და ერთგვაროვანი იყო, მაგრამ 2016 წლიდან აღინიშნა სამი ჩაბნელება სიკაშკაშეში. ამის შემდეგ, 2021 წელს, უცებ ყველაფერი გადაირია. საკმარისად დარწმუნებული ვარ, რომ მზის მსგავსი ვარსკვლავები ასე არ იქცევიან. ამიტომ, როცა ეს დავინახეთ, მივხვდით, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა“, — განმარტავს ძანიდაკისი.

Gaia-GIC-1 F-ტიპის ვარსკვლავია, ოდნავ მზის მსგავსი, მაგრამ უფრო დიდი და ცხელი. აქვს დაახლოებით 1,7 მზის რადიუსი და 1,3 მზის მასა; მდებარეობს სამხრეთის კიჩოს თანავარსკვლავედის მიმართულებით, ირმის ნახტომის გარე რეგიონში.

მისი ზუსტი ასაკის გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ ჩანს შედარებით სტაბილური, მთავარი მიმდევრობის ფაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შესულია ვარსკვლავური „ზრდასრულობის“ ასაკში, ბირთვში აწარმოებს წყალბადის სინთეზს. F-ტიპის ვარსკვლავები საკმაოდ მშვიდები არიან — არ ახასიათებთ წითელი ჯუჯების მსგავსი გაშმაგებული აქტივობები, არც ისეთი უცნაური რყევები, როგორსაც ვარსკვლავთა სიცოცხლის მიწურულს ვხედავთ, მაგალითად, ბეთელგეიზეს შემთხვევაში.

ამიტომ, Gaia-GIC-1-ში ასეთი უცნაური ცვლილების ხილვა ნამდვილი თავსატეხი იყო; ბოლოს მისი სინათლე თითქმის 25 პროცენტით ჩაბნელდა ისეთი მახასიათებლებით, როგორიც აქამდე არცერთი სხვა ვარსკვლავის შემთხვევაში არ ჰქონდათ ნანახი.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯეიმს დავენპორტმა კოლეგებს შესთავაზა, რომ ვარსკვლავს სხვანაირ სინათლეში დაკვირვებოდნენ — სწორედ აქ დაიწყო კიდევ უფრო საინტერესო ამბავი.

„ინფრაწითელი სინათლის გამრუდება ხილული სინათლის სრულიად საპირისპირო იყო. როცა ხილული სინათლე ციმციმსა და ჩაბნელებას იწყებდა, ინფრაწითელი სინათლე იმატებდა. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მატერია, რომელიც ვარსკვლავს ბლოკავს, ცხელია — იმდენად ცხელი, რომ ინფრაწითელში ანათებს“, — ამბობს ძანიდაკისი.

დაკვირვებები მიუთითებს, რომ მოზრდილი ასტეროიდისა მასის ან ჯუჯა პლანეტა ცერერას ნახევარი მასის მქონე მტვრის ღრუბელი დაახლოებით 900 კელვინამდეა გაცხელებული. მკვლევართა მოდელირების მიხედვით, მხოლოდ ერთი კონკრეტული ტიპის მოვლენა შეიძლება მოერგოს ყველა ამ პარამეტრს.

პლანეტოშენადედებს შორის შეჯახებამ შეიძლება წარმოქმნას იქ დანახული მასა და სითბო, შეიძლება სიკაშკაშის უცნაურ რყევებსაც დაემთხვეს, მათ შორის, თავდაპირველ ჩაბნელებას და გვიანდელ ქაოსს. თუკი ორი პლანეტოშენადედი ერთმანეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, შეიძლება ბევრჯერ ოდნავ მიეჯახონ ერთმანეთს, ბოლოს კი მთლიანად.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს შეჯახება უნდა მომხდარიყო ვარსკვლავიდან დაახლოებით ერთი ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, ზუსტად იმ სიშორეზე, როგორც დედამიწაა მზისგან. ამან შეიძლება მოგვცეს უმნიშვნელოვანესი მინიშნება მზის სისტემის, ჩვენი პლანეტის ფორმაციის წლების და სიცოცხლის აღმოცენების შესახებაც კი.

„რამდენად იშვიათია მოვლენა, რომელმაც დედამიწა და მთვარე წარმოქმნა? ეს კითხვა ფუნდამენტურია ასტრობიოლოგიაში. როგორც ჩანს, მთვარე ერთ-ერთი ის მაგიური ინგრედიენტია, რომელმაც დედამიწა სიცოცხლისთვის კარგ ადგილად აქცია. იცავს დედამიწას ზოგიერთი ასტეროიდისგან, წარმოქმნის ოკეანის მიქცევა-მოქცევას და ამინდს, რომელიც ქიმიისა და ბიოლოგიის გლობალურად შერების საშუალებას იძლევა; შეიძლება გარკვეულ როლს ასრულებდეს ტექტონიკური ფილების აქტივობაშიც“, — ამბობს დავენპორტი.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე არ ვიცით, რამდენად ხშირია ასეთი დინამიკა, მაგრამ თუ ბევრ ასეთ შეჯახებას დავაფიქსირებთ, ამის გარკვევასაც დავიწყებთ.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია washington.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი