გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის  შეჯიბრის დირექტორის კლაუს ვალდნერის შეფასებით,  საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და ტურნირიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო. "ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რადგან გუდაურში ჩატარებული ტურნირით კმაყოფილი დავრჩი. ორგანიზატორების მიერ გაწეული დიდი სამუშაოს გარდა, ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ მსოფლიო თასის ეტაპების საქართველოში ჩატარება ჩვენი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. იდეალური იყო თოვლის კონდიცია და ტურნირი", - განაცხადა კლაუს ვალდნერმა. 

საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი ასპარეზობდა. შეჯიბრის პირველ დღეს საუკეთესო შედეგები იტალიელის წარმომადგენელმა სიმონე დერომედისმა და  შვეიცარიის წარმომადგენელმა ფანი სმიტმა აჩვენეს. ხვალ შეჯიბრის მეორე ეტაპი გაიმართება.

როგორც სიმონე დერომედისმა აღნიშნა, რომ საქართველოში ღონისძიება ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, რისთვისაც მან ორგანზატორებს მადლობა გადაუხადა. "ძალიან მაგარი შეჯიბრი იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, რაღაც კარგი ხდება. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. ეს შეჯიბრი ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს", - თქვა  სიმონე დერომედისმა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.   

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში.

8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს