გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ადგილობრივი მცხოვრები გიორგი ტერაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა. საოკუპაციო ხაზს მიღმა ძროხები გადავიდნენ და ტერაშვილიც მათ გამოსარეკად გადავიდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ის დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა სასჯელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდის.