ქალაქ რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის  გალფის რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი გაიხსნა, რომელიც კომპანია „გალფის“ და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროექტია. სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით. საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიამ, ქალაქ რუსთავის მერთან და გალფის მენეჯმენტთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნა.

„ჩვენი მოტივაციაა ახალგაზრდა თაობას შევუქმნათ ყველანაირი პირობა იმისთვის რომ მოწყდნენ სმარტფონებს, გამოვიდნენ გარეთ, მეტი დრო გაატარონ მოედნებზე და დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

კომპანია გალფმა უკვე გახსნა საკალათბურთო მოედნები თბილისში, გორში და სენაკში. შემდეგი საკალათბურთო მოედნების გახსნა 2023 წელს ქალაქ ქუთაისში და ოზურგეთში იგეგმება. ჯამში კომპანია გალფი მთელი საქართველოს მასშტაბით 20 საკალათბურთო კორტის მშენებლობას გეგმავს.