ექსპერტი ლევან ყურაშვილი საქართველოში რუსი ვიზიტორების დიდი რაოდენობით შემოსვლას ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რუსი ეროვნების ადამიანები საქართველოში უძრავ ქონებას ყიდულობენ, იწყებენ ბიზნესსაქმიანობას და განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში, ადგილობრივ მოსახლეობას მათთან კონკურენციის გაწევა უხდება.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსები მიწებსაც ყიდულობენ და მალე საკუთარი დასახლებები, სკოლები, სამშენებლო კომპანიები და ფერმერული მეურნეობებიც ექნებათ, რაც ეროვნებით ქართველებისთვის სამუშაო ადგილების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. შესაბამისად, დადგება მოცემულობა, როცა ქართველების რესურსები მალე რუსების საკუთრებაში აღმოჩნდება.
„ბათუმელი სასტუმროსა და ბინების მფლობელები წუწუნებენ თურმე, წელს უფრო ნაკლები ქირავდება, იმიტომ რომ რუსებმა საკუთარი ბინები იყიდეს, საკუთარი სასტუმროები გახსნეს და რუსებზევე აქირავებენო. ადრე მოუწყენიათ. არამარტო ბინები და სასტუმროები, მალე ყველაფერი თავისი ექნებათ: სასურსათო მაღაზიები, სამშენებლო ფირმები, სკოლები, ბაღები, რესტორნები და ბარები ხო კაი ხანია აქვთ.
საკუთარ მიკრორაიონებსაც ააშენებენ და კომპაქტურადაც დასახლდებიან. თან ისე, რომ ქართველი შიგ ცხვირსაც ვერ შეყოფს. მაქსიუმ კიტრი და პომიდორი იყიდონ თქვენგან. ეგეც მხოლოდ დროებით. მიწებსაც ყიდულობენ, მალე საკუთარ ფერმერულ მეურნეობებსაც გააკეთებენ და ქართველი ფერმერებისგან განსხვავებით, მეტი ცოდნაც აქვთ მაგ სფეროში (სამწუხაროდ), მეტი გამოცდილებაცა და ფინანსებიც. პრობლემა რუსის შემოსვლა კი არაა.
პრობლემაა, რომ იდეაში ტურისტულად შემოსული, ერთი წელი აქ ცხოვრობს, მერე იქვე, 5 წუთით სარფში გადავა, ისევ ერთი წელი შეუძლია იცხოვროს და უკონტროლოდ აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა. თქვენ გართმევენ სამუშაო ადგილებს, ჯიგრებო, თქვენ!
ეგ ადრე იყო, პენზიდან რომ ჩამოვიდოდნენ, ხაჩაფური, კინკალი, მცვადი, 2 კვირა დაისვენებდნენ და მიდიოდნენ.
ახლა კი, სანამ თქვენი ქმრები, დედები და მამები მექსიკის საზღვარზე ათენებენ, ამერიკაში შესვლის მოლოდინში, ეგენი აქ სახლდებიან, თქვენს ადგილს იკავებენ და თქვენს რესურსებს ინაწილებენ და კიდევ ევროპა გართმევთ თურმე ქართველობას!“, - წერს ლევან ყურაშვილი.