2026 წელს საქართველოში ხელფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და პროგნოზირებული მაჩვენებელი 14%-ს მიაღწევს. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ანაზღაურების მატებას რამდენიმე ობიექტური ფაქტორი განაპირობებს და მათ შორისაა ინფლაციური წნეხი. ტაბატაძე ვარაუდობს, რომ 2024 წლიდან დაწყებული დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.
მისი თქმით, ვაჭრობა-დისტრიბუციისა და საკურიერო მომსახურების სფეროებში ანაზღაურების მატება გარდაუვალია. კურიერების შემთხვევაში ამას საკანონმდებლო რეგულაციები შეუწყობს ხელს.
“ობიექტური ფაქტორები აუცილებლად დაეხმარება იმას, რომ ხელფასები 2026 წელსაც გაიზარდოს. ამ ტენდენციას თუ დავაკვირდებით 2024 წლიდან დღემდე რაც ხდებოდა, სავარაუდოდ მე მგონია, რომ ახლა თუ 11-12%-იანი ზრდაა, 2026 წელს ზრდა 14% იქნება. 2027 წელს მე მგონია, რომ ალბათ იგივე განაკვეთი შენარჩუნდება, ვინაიდან მიმდინარე კრიზისი უკვე ერთი წლის შემდეგ ჩვენთანაც კარგად გამოჩნდება.
ჩემი აზრით, ვაჭრობა-დისტრიბუციაშიც გაიზრდება ანაზღაურება, მაგრამ ბაზრის ლიდერები ამ პოზიციებს არ დათმობენ. შენარჩუნდება მაღალი ანაზღაურება ფინანსურ სექტორში, ტექნოლოგიებში, მშენებლობაში განსაკუთრებით. ვფიქრობ, საკურიერო მომსახურებაშიც უნდა ველოდოთ ხელფასების ზრდას, რომელიც საკანონმდებლო გავლენით მოხდება. ასევე სადისტრიბუციო და ვაჭრობის სფეროშიც აუცილებლად მოხდება ანაზღაურების ზრდა. არა ნებაყოფლობითი ჩემი აზრით, მაგრამ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ზრდა,”- ამბობს ინსორსის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე.