„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხაშურსა და ხარაგაულში 29 მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ჯამში 60 000 მ²-ზე მეტი არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით მიღებისთვის, ყოველ წელს ბიუჯეტში 35 480 ლარი უნდა გადაიხადოს.

კომპანია „ტაბა“-მ უძრავი ქონება მთავრობას, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და შპს ტაბას შორის 2024 წლის 17 ივლისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ აშენების და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უნდა გამოიყენოს.

კომპანიამ გასულ წელს პროექტი შეცვალა და ქარის ელექტროსადგურის მოსალოდნელი სიმძლავრე 25 მგვტ-მდე გაზარდა, ხოლო ტურბინების რაოდენობა 5-დან 4-მდე შეამცირა, ნომინალურ სიმძლავრე კი 6.25 მგვტ გახადა.

„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტის და იმერეთის რეგიონის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1115-1250 მ-მდე სიმაღლეთა დიაპაზონში.

ცნობისთვის, კომპანია „ტაბა“ 2013 წელს არის დაფუძნებული და მის 50-50%-იანი წილებს ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანიები „რიკოთი ენერჯი ბი ვი“ და „ანადოლუ კაფკასია ენერჟი იატირიმლარი“ არიან. კომპანიას დირექტორთა საბჭო მართავს, 6 თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქეა.