რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, კომპანია სანტე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება მწარმოებელ ფერმას და არ გიყენებენ.

"სანტე 1997 წლიდან დღემდე უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლის განმავლობაში 20 მილიონ ლიტრამდე რძეს იბარებს და ამუშავებს. თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე მსხვილ ფერმებთან, და გარდა ამისა, ფლობს რძის ჩაბარების პუნქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სანტეს დანერგილი აქვს რძის ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სტანდარტები. მათ შორის არის: რძეში ანტიბიოტიკის შემოწმება, ცხიმისა და ცილის იდენტიფიცირება, რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი.

ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში. 2018 წელს სწორედ სანტემ აღმოაჩინა შეუსაბამობა ყვარლის ბაგის რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება და ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.

საწარმოში დანერგილი ხარისხის კონტროლის ევროპული და უმკაცრესი  შიდა სტანდარტები, ასევე ISO, HACCP,  არის გარანტია იმისა, რომ რძე, რომელიც შეუსაბამოა ხარისხის სტანდარტებთან, არ გამოიყენება წარმოებაში.

სანტე არის კომპანია, რომელიც ყოველთვის აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო რძის პროდუქტებს მთელი საქართველოსთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმის მფლობელი "ყვარლის ბაგა" ძროხებს ევროკავშირში აკრძალული ქათმის ნაკელით კვებავდა. მის რძეს ყიდულობს სანტე, სოფლის ნობათი, აგროჰაბი და ყვარლის ბაგის შვილობილი რძის ლაბორატორია. 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მიხედვითყვარლის ბაგამ, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია, სასამართლო დავა მოუგო ჩირინას (ბიუ-ბიუ), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა.

გამოძიების თანახმად, 2018 წელს ყვარლის ბაგამ ჩირინასგან დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა. ერთი წლის თავზე, ყვარლის ბაგამ განაცხადა, რომ ჩირინაში ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ჩირინამ პრეტენზიები არ მიიღო და უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა - საკვებად.

2020 წელს ლაშა პაპაშვილის კომპანიამ ჩირინას სასამართლოში უჩივლა. მასალების მიხედვით, ყვარლის ბაგის 1 ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა (ნამჯაში არეულს).

რუსთავის სასამართლომ ვერ გამოკვეთა საქონლის დახოცვაში ჩირინას ბრალეულობა. სააპელაციომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წლის მარტში “ყვარლის ბაგამ” რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2024 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის ბაგის საჩივარი დააკმაყოფილა - ყვარლის ბაგამ სასამართლოს წარუდგინა ლაბორატორიული დასკვნები, რომელშიც წერია, რომ ნიმუში, რომელსაც კვლევა ჩაუტარდა, ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინს შეიცავდა.

ამ დასკვნაზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩათვალა, რომ ანტიბიოტიკიანმა ნაკელმა რძეც გააფუჭა და 200-მდე ძროხაც დახოცა, სასამართლომ ჩირინას დახოცილი ძროხების საფასური და ახალი ძროხების ყიდვისთვის ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის გადახდაც დააკისრა.

რადიო თავისუფლების ცნობით, სასამართლოს მასალებში დევს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილიც, რომ ნაკელში აღმოჩენილი ტეტრაციკლინი არ არის აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების სიაში. ამ ანტიბიოტიკს დღემდე იყენებენ ფერმერები. დოკუმენტებით ასევე ჩანს, რომ ტეტრაციკლინით თავად “ყვარლის ბაგის” ვეტერინარიც მკურნალობდა ძროხებს.

“ჩირინას” მფლობელი უარყოფს ტეტრაციკლინის გამოყენებას თავის ქათმის ფერმაში და ამბობს, რომ სხვა მედიკამენტს იყენებდა.