"2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. ამ სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“, - თქვა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ,  გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

დღეს იგი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერია და ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ აქვს 2023 წელს საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც, მისი განცხადებით, უკვე 2021 წელს უნდა ჰქონოდა ქვეყანას, ამბობს, რომ შოვის “მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს.

საზოგადოება ახლა რაჭის სტიქიის მსხვერპლებს ეძებს და მსჯელობს, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში? როგორ შეიძლება უკეთესად აღჭურვილი სამაშველო სამსახურით და საფრთხეების შეტყობინებების სისტემის დანერგვით ზიანის შემცირება მომავალში?

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული პირველადი დასკვნის მიხედვით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა ჩაეღწია.

„იქ, სადაც პირველად გავიგე ხმაური, 2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, რომ მსგავსი კატასტროფა იყო მოსალოდნელი, მე მეყოფოდა ის 2 წუთი, რომ მანქანით გამომესწრო ტალახისთვის. კოტეჯებში მყოფ ხალხს 8-10 წუთით ადრე მაინც რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ამ კატასტროფის შესახებ, ისინიც მოასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 7 აგვისტოს შოვში სტიქიას გადარჩენილმა გიო ადამიამ. ის ღვარცოფში 6 წლის შვილთან ერთად მოხვდა. მათ საათები და ადგილობრივების დახმარება დასჭირდათ ტალახის მასიდან გამოსაღწევად.

ადრეული შეტყობინების სისტემა, ერთი მხრივ, სპეციალისტებს მისცემდა საშუალებას, სცოდნოდათ მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბების შესახებ, მეორე მხრივ, მოსახლეობას გააფრთხილებდა ხმოვანი სიგნალით და მოკლე ტექსტური შეტყობინებით, რომ საფრთხე ელოდა.

სისტემა, რომლის აუცილებლობაზეც საქართველოში წლებია, გეოლოგებიც ლაპარაკობენ, არ არის მხოლოდ შოვის მსგავსი ტრაგედიების პრევენცია - ესაა მექანიზმი სოფლის მეურნეობის უკეთ დასაგეგმად, უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად და ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, მოსალოდნელ საფრთხეზე 24 საათით ადრე გაფრთხილება 30%-ით ამცირებს მსხვერპლს.

ადრეული შეტყობინების სისტემა რისკებს აზღვევს არა მარტო ღვარცოფის, მეწყრის და წყალდიდობის შემთხვევაში, არამედ გვალვისას, სეტყვისას, ძლიერი ქარისას და ზვავის ჩამოწოლის დროს. ამ სისტემებს ასევე იყენებენ, მაგალითად, ტყის ხანძრების, რადიაციული დონის მატების, ცუნამისა და ქარიშხლის დროს მოქალაქეების გასაფრთხილებლად.

მასალა ვრცლად იხილეთ Radiotavisupleba.ge