„თუ რომელიმე სკოლის მშობლები ამბობენ, რომ ჩვენს სკოლაში ბულინგი არ არის, ეს ნიშნავს 2 ძალიან ცუდ რაღაცას. ერთი იმას, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ რომ ბულინგი შეიძლება ყველგან იყოს. განსაკუთრებით თინეიჯერებში, რომელთან აქვთ მწვავე მოთხოვნა რომ საზოგადოებაში დაიმკვიდრონ ადგილი და ამას ძალიან ხშირად ცუდი ფორმით, სუსტის დაჩაგვრით აკეთებენ და შესაბამისად, ყველა სკოლაში არის ბულინგი. და მეორე - ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სისტემა არ ახალისებს სკოლებს რომ ამაზე ისაუბრონ, რადგან ჩაფარცხვა უფრო მარტივია ხოლმე“, - ამის შესახებ ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა სალომე ჩარკვიანმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში  „განათლების უფლება“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ძალიან მძიმე შემთხვევები, როცა მოზარდებმა ბულინგის გამო ერთმანეთი სასიკვდილოდ  გაიმეტეს. ასეთ დროს საზოგადოება მკვლელის დასჯას ითხოვს, თუმცა განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებმა იციან, საიდან მოდის კონფლიქტის სათავე და რომ ეს პროცესი მოზარდებისთვის მარტივი არ არის.

„როდესაც უკვე სინათლეზე გამოდის შედეგი, როცა ერთ მხარეს არის კრიმინალი და მეორე მხარეს მსხვერპლი, გასაგებია, რომ საზოგადოება ითხოვს კრიმინალის ჩაქოლვას თუ მკაცრად დასჯას. ისინი ვერ ხედავენ იმას, რასაც ვხედავთ განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანები, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ იწყება. თავიდან არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ვინც გაიმარჯვებს, ის ხდება საზოგადოებისთვის მონსტრი. 

იყო ერთ-ერთ რეგიონში შემთხვევა, როცა პატარა ბიჭმა მასზე ფსიქოლოგიურად მოძალადე თანატოლი დაჭრა. საზოგადოება მის დასჯას ითხოვდა, თუმცა გაირკვა, რომ ეს ბავშვი წლების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია პრობლემა ვეძებოთ სიღრმეში“, - განაცხადა სალომე ჩარკვიანმა. 

მისი თქმით, ბულინგს ბავშვი მაშინ იწყებს, როდესაც მშობლის ან მასწავლებლების თვალს მოეფარება, შემდეგ კი ჩაგრავს სუსტს. ამიტომ ხშირად მშობლებმა და მასწავლებლებმა ბულინგის ფაქტების შესახებ არ იციან. ამისთვის საჭიროა ბავშვების ურთიერთობაზე არაფორმალურ გარემოში დაკვირვება.

„საჭიროა არაფორმალურ გარემოში ბავშვთა ქცევაზე დაკვირვება. იქნება ეს შესვენება, სპორტული აქტივობა, ექსკურსია და ა.შ. მასწავლებელი სწორედ იქ უნდა დააკვირდეს მოსწავლეებს. სამწუხაროდ, მასწავლებლებს ხშირად ამისთვის არ სცალიათ.

სამწუხაროდ, მასწავლებლებს არ აქვთ დრო არაფორმალური აქტივობებისთვის. როდესაც მოსწავლე ვერ უმეგობრდება მასწავლებელს, ვერ სოციალიზდება და მასწავლებელმა იცის ბავშვის ქცევა მხოლოდ გაკვეთილზე, ეს ბულინგისთვის უკვე იდეალური ნიადაგია“, - აღნიშნა სალომე ჩარკვიანმა.

როგორც მან განმარტა, გაკვეთილებს შორის 5-წუთიანი დასვენება არც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გაკვეთილებს შორის ემოციური გადატვირთვისთვის და არც მასწავლებელს ჰყოფნის იმისთვის, რომ ბავშვების ქცევას დააკვირდეს. ამიტომ, საჭიროა გაიზარდოს შესვენებების დრო და ამავდროულად, მასწავლებლებს შეუმცირდეთ დღის განმავლობაში ჩასატარებელი გაკვეთილების რაოდენობა.

სალომე ჩარკვიანის შეფასებით, იმისთვის, რომ სკოლებში ბულინგის პრევენცია მოხდეს, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა პირის მიმართ მიეწოდოს. ამავდროულად, მასწავლებლებმა გამოიჩინონ ყურადღება, როდესაც ბავშვი მას რაიმე უსიამოვნო ფაქტის შესახებ მოუყვება. მასწავლებელმა სერიოზულად უნდა მიიღონ ბავშვების პრობლემები და მოიპოვონ მათი ნდობა. 

მისივე თქმით, ბავშვებში ბულინგის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს და თითოეულს ცალ-ცალკე ვერ აღმოვფხვრით, ამიტომ მთავარია, როდესაც ფაქტის შესახებ გახდება ცნობილი, მოხდეს მასზე შესაბამისი რეაგირება. ამ პროცესში კი ბავშვმა უნდა იგრძნოს რომ უფროსების მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს. 

„მშობლებს ხშირად ვეუბნებით, რომ მისი რეაგირება მნიშვნელოვანია. რეაგირება იმას არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად ვინმეს უნდა ეჩხუბონ. მთავარია ბავშვმა იგრძნოს რომ შენი ზურგი შეიძლება ჰქონდეს. რეაგირება შეიძლება იყოს ისეთიც, რომ ვეკონტაქტოთ მეორე ბავშვის მშობელს და მეგობრული კომუნიკაციით ვცადოთ მასთან პრობლემის გარკვევა. თუ მჩაგვრელი ბავშვის მშობელი არ მოდის კომუნიკაციაზე, ასეთ დროს მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას რომ მიმართონ სკოლას“, - განაცხადა სალომე ჩარკვიანმა. 

როგორც მან აღნიშნა, ბულინგის პრევენციასა და მასზე რეაგირების პასუხისმგებლობა არის როგორც მშობლებზე, ისე მასწავლებლებზე. თუ რომელიმე მხარე ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, რეკომენდაციას ვუწევთ, რომ მეორე მხარეს დახმარება სთხოვოს.