საქართველოს მონაწილეობა „3+3“ ფორმატის შეხვედრებში მხარდაჭერილია სხვადასხვა დონეზე, განუცხადა Report.az-ს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიჰან ჰაჯიზადემ.

თუმცა მანვე დასძინა, რომ ამ ფორმატში მორიგი შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა „3+3“ ფორმატში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივით და მიზნად ისახავდა რეგიონის სახელმწიფოებს (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, თურქეთი, ირანი, რუსეთი) შორის კავშირების განმტკიცებას, 2024 წლის 18 ოქტომბერს შედგა.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.

ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ფორმატი „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ არ აპირებდა ამ პლატფორმაში მონაწილეობას.

ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე კი - 2023 წელს თეირანში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, ნათქვამი აქვს, რომ "3+3" ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვას თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ეცადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადრე განაცხადეს, რომ რუსეთთან რაიმე სახის ერთობლივ ფორმატზე საუბარი ვერ იქნება, სანამ მოსკოვს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%.