აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე ჩვენ მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ყურადღება გამახვილდა დელეგაციასთან შეხვედრაზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ ე.წ. ტრამპის დერეფნის შესახებ, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენს რეგიონში მდებარეობს. ეს დერეფანი საქართველოს არ კვეთს, თუმცა ჩვენ დავუფიქსირეთ, რომ თუკი იქნება რეგიონში დერეფანი, სადაც ამერიკელები უზრუნველყოფენ უსაფრთხოდ ტვირთების ტარებას, ეს მთლიანად რეგიონზე აისახება. მაგრამ, აქვე დავუფიქსირეთ, რომ დიდი გზა აქვს გასავლელი კიდევ, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, თურქეთს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნები არიან და თუ კი მათი ეკონომიკები გაიზრდება, ეს ჩვეულებრივი აქსიომა არის ეკონომიკაში, რომ ეს მეზობლებზეც ავტომატურად აისახება, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სამივე ჩვენს სამხრეთ მეზობელთან.ასევე, ჩვენ მიმოვიხილეთ ის ინვესტიციები, რომლებიც ხელისუფლებამ, საქართველომ განახორციელა დაკავშირებადობის თვალსაზრისით. საქართველო არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის დერეფანი, იგივე არის ის სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვისაც და შესაბამისად, საქართველოს როლი, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდ თანხებს, ინვესტიციებს ვდებთ საგზაო, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, იგივე ტვირთების გატარების ნაწილში.“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ქართული საბაჟოს მუშაობის პროცესი და ქართულ მხარეს სომეხი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა.
“ის იყო სადახლოს საბაჟოზე, სადაც ნახა, რა ტექნოლოგიებია, როგორი მომზადებული კადრები და ითხოვა, რომ ჩვენს სომეხ კოლეგებთან გაგვეზიარებინა გამოცდილება. ბოლო პერიოდში, სომხეთის მთავრობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ეწვია საქართველოს. დღეს პრეზიდენტს ვმასპინძლობდით და ზოგადად, საქართველოსა და სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სამაგალითოა, მეზობლებს როგორი ურთიერთობებიც შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენ სამთავრობო დონეზე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს”, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს