მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს.

„გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის“, - ასეთია სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილება, რომლითაც ისინი მოსახლეობას მიმართავენ.

რძის პროდუქტების ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ ისაუბრა.

როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, უკვე წლებია, გრძელდება, როცა ძალიან ბევრი არალეგალური რძის საწარმო იკეტება, მაგრამ შემდეგ მისამართებს იცვლის და მუშაობას კვლავ აგრძელებს. აქედან გამომდინარე, მერძევეთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონტროლი კიდევ უფრო მეტად უნდა გაამკაცროს.

„ფხვნილითა და ე.წ. ცხიმებისგან დამზადებულ ნაწარმს, რომელიც ძალიან იაფი ჯდება, ყველთან საერთო არაფერი აქვს. ხდება ასეთი ნაწარმის ეტიკეტირების გარეშე გაყიდვა, რაც მომხმარებლის მოტყუება და შეცდომაში შეყვანაა. ფასთა სხვაობის გამო, ადამიანები ცდუნებაში შედიან და გაყალბებას ორგანიზებულად ეწევიან.

სურსათის სააგენტოს უნდა მიეცეს უფრო მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსი, რათა მუდმივად ხდებოდეს კონტროლი არა მხოლოდ საწარმოების, არამედ ბაზრის, სადაც ძალიან ჭარბად არის არაეტიკეტირებული და გაურკვეველი სახის პროდუქცია“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველისა და ხაჭოს იმპორტი 27%-ით არის გაზრდილი და წლის ბოლომდე უკვე 100 მილიონს მიაღწევს.

„ცუდი ის არის, რომ კლებადია ადგილობრივ ბაზარზე როგორც რძე, აგრეთვე, პირუტყვი. საქართველოში ნედლი რძის 65%-იანი დეფიციტი გვაქვს, რასაც შემოსული მზა პროდუქტები და ფხვნილი ანაცვლებს. როგორ წარმოგიდგენიათ, არაჟანი შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და ის ჯანსაღი იქნება? ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტების გარეშე ჯანსაღი კვება არ არსებობს. მზა პროდუქტი, რომელიც შემოდის და ეს მომხმარებელმა უნდა იცოდეს, კონსერვანტებით არის გაჯერებული“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.