მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე გამოქვეყნდა ანგარიში სახელწოდებით „მულტიპოლარიზაცია“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშის მიხედვით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ შერჩევითად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო პოლიტიკაში, ხოლო რუსეთი შეეცდება საკუთარი გავლენის სფეროების განმტკიცებას.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. წელს ავტორებმა ანგარიშის სახელწოდებად შეარჩიეს „მულტიპოლარიზაცია“, რაც წარმოადგენს ორი ტერმინის – მრავალპოლარულისა და პოლარიზაციის ჰიბრიდს.
„მიუხედავად იმისა, რომ სადავოა, რა დონეზეა დღეს მსოფლიო უკვე მულტიპოლარული, მსოფლიოს „მულტიპოლარიზაცია“ შემდგარი ფაქტია: ერთი მხრივ, ძალაუფლება გადადის მოთამაშეთა უფრო დიდი რაოდენობისკენ, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ გლობალურ საკითხებზე; მეორე მხრივ, მსოფლიო განიცდის მზარდ პოლარიზაციას როგორც სახელმწიფოებს შორის, ასევე მათ შიგნით, რაც აფერხებს ერთობლივ მიდგომებს გლობალური კრიზისებისა და საფრთხეების მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის ავტორები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ „ლიბერალიზმი მეტად აღარ წარმოადგენს მსოფლიოში დომინანტ იდეოლოგიას“.
ანგარიშის მიხედვით, რომელსაც „დოიჩე ველე“ ავრცელებს, „პოლიტიკური და ეკონომიკური ლიბერალიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთპოლარული მსოფლიოს პერიოდში, აღარ არის ალტერნატივის გარეშე დომინანტური იდეოლოგია“. როგორც გამოცემა წერს, მის უნივერსალურობას სულ უფრო ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ თავად დასავლურ ქვეყნებში, რაზეც მეტყველებს ნაციონალ-პოპულიზმის ზრდა მრავალ ლიბერალურ დემოკრატიაში. ამასთან, ლიბერალიზმს „ასევე გამოწვევას უქმნიან ავტოკრატიები, რის შედეგადაც იქმნება მდგომარეობა, როდესაც თანაარსებობს, ერთმანეთს კონკურენციას უწევს ან ეჯახება მსოფლიო წესრიგის რამდენიმე მოდელი“.
ექსპერტების შეფასებით, ამჟამინდელი „მულტიპოლარიზაცია“ მსოფლიოში არაერთგვაროვან გრძნობებს იწვევს: „ოპტიმისტები მიუთითებენ უფრო ინკლუზიური გლობალური მმართველობის შესაძლებლობებზე და აშშ-ის შეზღუდვის გაძლიერებაზე, რომელსაც ბევრი, დიდი ხანია, მიიჩნევს ზედმეტად დომინანტურ ძალად. პესიმისტები კი ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები ზრდის არეულობისა და კონფლიქტების რისკს, ძირს უთხრის ეფექტურ თანამშრომლობას“.
მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს ანგარიშის ავტორები დიდწილად აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. მათი თქმით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამ დაასამარა ცივი ომის შემდგომ ამერიკაში ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკის კონსენსუსი იმის შესახებ, რომ „აშშ რჩება უდავო მსოფლიო ლიდერად, რომელიც ღრმად არის დაინტერესებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებით და ამისთვის პასუხისმგებლობას იღებს“. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ტრამპისა და მისი მრავალი მხარდამჭერისთვის კი არსებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც თავად შეერთებულმა შტატებმა შექმნა, „წარმოადგენს ცუდ გარიგებას“, რომელიც ვაშინგტონის მეტოქეებსა და პარტნიორებს საშუალებას აძლევს, „მიიღონ არაპროპორციული სარგებელი ამერიკის ლიდერობისგან, რამაც ხელი შეუწყო თავად აშშ-ის დაქვეითებას“.
მედიის ანალიზის თანახმად, ტრამპის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის სტრატეგია არ პასუხობს ვაშინგტონის ინტერესებს. ტრამპი ჰპირდება აშშ-ის უფრო შერჩევით მონაწილეობას მსოფლიო პოლიტიკაში, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სასწორზე დევს ამერიკული ეროვნული ინტერესები. ამის გათვალისწინებით, ანგარიშის ავტორები პროგნოზირებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „პირველ რიგში, ყურადღებას დაუთმობს ჩინეთის ზრდის შეკავებას და ისრაელის მხარდაჭერას, მაგრამ აშშ-ის ვალდებულებები ნატო-სა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, სავარაუდოდ, დაზარალდება, ისევე როგორც მრავალმხრივ ინსტიტუტებში ჩართულობაც“.
ანგარიშის ავტორთა აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია, „სავარაუდოდ, არ განიხილავს“ კიევის ნატო-ში გაწევრიანებას. ამასთან, ამერიკული საგარეო პოლიტიკა, სავარაუდოდ, განისაზღვრება ვაშინგტონისა და პეკინის მეტოქეობით. „მომდევნო ოთხი წელი გვაჩვენებს, აშშ-ის უფრო შერჩევითი მონაწილეობა გააძლიერებს თუ შეაკავებს გლობალური არეულობის ზრდას, რადგან სხვა მოთამაშეები შეავსებენ (უნდა შეავსონ) ვაკუუმს“, – პროგნოზირებენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ექსპერტები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ, შედეგად, საერთაშორისო სისტემის მულტიპოლარიზაცია, შეიძლება, დაჩქარდეს.
ანგარიშის ავტორები ჩინეთს მოიხსენიებენ, როგორც „მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან მხარდამჭერს“, რომელიც საკუთარ თავს „გლობალური სამხრეთის“ დამცველად წარმოაჩენს. ამასთან ექსპერტები აზუსტებენ:
„დასავლეთში ბევრი მიიჩნევს, რომ პეკინი მრავალპოლარულობას მხარს უჭერს, როგორც რიტორიკულ საფარველს აშშ-თან მეტოქეობისთვის. ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის ომისადმი უკრაინაში და სხვა სამხედრო და ეკონომიკური ძალისმიერი თამაშები ამ წინააღმდეგობებს ამჟღავნებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ჩინეთს „არ ჰყავს სანდო მოკავშირეები, მაგრამ ის სულ უფრო ხშირად თანამშრომლობს სხვა რევიზიონისტ მოთამაშეებთან, აერთიანებს მათ მსოფლიო წესრიგის რეფორმირების დაპირების გარშემო, მაგალითად, BRICS-ის ფარგლებში“. ამასთან, ანგარიშის ავტორების თქმით, „ჩინეთის მუდმივად მზარდი შესაძლებლობები, სამხედრო ძალის პროეცირება მოახდინოს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, კონკურენციას უწევს აშშ-ის შესაძლებლობებს, ზოგიერთ ასპექტში კი აღემატება კიდეც მათ“.
დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მომავალში ჩინეთს განზრახული აქვს, „შეინარჩუნოს და იარაღად გამოიყენოს ეკონომიკური ძალა“, თუმცა სტრუქტურულმა დაბრკოლებებმა და გარე წინააღმდეგობამ, შეიძლება, შეანელოს მისი ეკონომიკური აღმავლობა. „პეკინი მზად უნდა იყოს მკაცრი კონფრონტაციისთვის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ შეიძლება, სარგებელი ნახოს ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებზე უარის თქმით ან აშშ-ის ხანგრძლივ პარტნიორებთან ურთიერთობების გაცივებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც მედია წერს, ანგარიშის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ამ საუკუნეში, რუსეთის მსგავსად, არცერთ სხვა სახელმწიფოს არ გაუწევია მეტი ძალისხმევა მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი მრავალპოლარულ მსოფლიო წესრიგს მიიჩნევს აშშ-ის მეთაურობით არსებული ერთპოლარული წესრიგის უფრო სამართლიან და ინკლუზიურ ალტერნატივად. ექსპერტების თქმით, კრემლი აქტიურად იყენებს ამ ნარატივს „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების გადაბირებისთვის.
თუმცა, ანგარიშის ავტორთა თქმით, რუსული მრავალპოლარული სამყაროს ფარგლებში ყველა სახელმწიფო არ განიხილება თანასწორად: „ამის ნაცვლად, მსოფლიო წესრიგი შედგება რამდენიმე სუვერენული და თანასწორუფლებიანი „სახელმწიფო-ცივილიზაციისგან“, როგორადაც რუსეთი საკუთარ თავს აღიქვამს, და მათი გავლენის სფეროებისგან“, ხოლო მცირე ქვეყნები – კრემლი მათ შორის უკრაინასაც მოიაზრებს – შედიან ასეთი სახელმწიფო-ცივილიზაციების გავლენის სფეროებში“.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრისას ნახსენებია საქართველოც. კერძოდ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „პუტინის რეჟიმი უკვე აჟღერებს ბირთვულ მუქარებს და ახორციელებს აგრესიულ ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპულ ქვეყნებზე, მათ შორის არჩევნებში ჩარევის გზით, როგორც ეს ახლახან გამოვლინდა მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში. უკრაინაზე რუსეთის გამარჯვება გაათამამებდა მოსკოვს, გააძლიეროს ეს თავდასხმები და განახორციელოს თავისი იმპერიული ამბიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ანგარიშში აღიარებულია, რომ, „მიუხედავად თავისი შეზღუდული შესაძლებლობებისა, რუსეთი წარმატებით უმკლავდება გამოწვევას, უფრო ძლიერ მეტოქეებს სასურველი მსოფლიო წესრიგის დამყარებისა და საკუთარი გავლენის სფეროს დამკვიდრების მცდელობაში“. რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი ამ გეოპოლიტიკური როლის გაგრძელებას, ჯერ გაურკვეველია, რადგან ის აწყდება მზარდ ეკონომიკურ პრობლემებს: „ბევრი რამ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, რამდენად მზად იქნება საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად უახლოეს მომავალში“.
ამავდროულად, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ომის მზარდი ფასი ზღუდავს მოსკოვის შესაძლებლობებს, უკრაინის გარდა ძალის პროეცირებისთვის. მაგალითად, რუსეთმა ცოტა ხნის წინ „ვერ შეძლო დახმარების გაწევა სომხეთისთვის“, ასევე ვერ შეძლო „ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის“ თავიდან აცილება სირიაში.
ანგარიშში კიდევ ერთხელ არის ნახსენები საქართველო. კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ: „რუსეთის გავლენა, შეიძლება, კიდევ ერთ კავკასიურ სახელმწიფოშიც შესუსტდეს, რადგან საქართველოს პრორუსულ მთავრობას უჭირს, ჩაახშოს სახალხო ამბოხი, რომელიც გამოიწვია ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებამ და 2024 წლის არჩევნებში დაფიქსირებულმა დარღვევებმა“.
მთლიანობაში, ექსპერტები ასკვნიან, რომ წარმოდგენები მრავალპოლარულობაზე ახლა იმდენად პოლარიზებულია, რომ „სულ უფრო რთული ხდება არსებული წესრიგის მშვიდობიანი ცვლილება, შეიარაღების ახალი შეჯიბრისა და სახელმწიფოებს შიგნით შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილება, მათ შორის უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და საერთო საფრთხეებთან, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ერთობლივი ბრძოლა. მაგრამ რადგან დიდ და არც ისე დიდ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ამ გამოწვევებთან მარტო გამკლავება, მათი თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება. თუმცა იმისთვის, რომ ეს რეალობად იქცეს, მსოფლიოს არ აწყენდა გარკვეული „დეპოლარიზაცია“ და 2025 წელი გვაჩვენებს, იქნება ეს შესაძლებელი თუ მსოფლიო კიდევ უფრო დაყოფილი გახდება, ვიდრე ახლაა“, – ნათქვამია ანგარიშში.