წარმოიდგინეთ საქართველო, ქვეყანა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას. ეს არის ქვეყანა, რომელსაც სურს იყოს ენერგოდამოუკიდებელი, და განავითაროს მდგრადი ენერგეტიკა. სწორედ ამ გზაზე, საქართველოს გვერდით უდგას ევროკავშირი – ძლიერი პარტნიორი, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ცოდნით, გამოცდილებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით ეხმარება ქვეყანას ენერგეტიკული მომავლის შექმნაში.
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მრავალმხრივი და კომპლექსურია, იგი მოიცავს საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
როდესაც ჩვენს საკანონმდებლო ჰარმონიზაციასა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო 2017 წლიდან Energy Community-ის წევრია. აღნიშნული წევრობისა და შემდგომში თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, ენერგეტიკულ სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. ასევე,ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ზრდა და ენერგეტიკული ბაზრის გახსნა, რაც საბოლოო ჯამში კონკურენციას სექტორში კიდევ უფრო ავითარებს. ამ კუთხით საქართველოში მრავალი რეფორმა უკვე გატარდა, მათ შორის, მივიღეთ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მარეგულირებელი, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაზრების გახსნასა და კონკურენციას და, ამავდროულად, უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ელექტროენერგიის სექტორში წარმატებით განხორციელდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება და გაიხსნა საცალო ბაზარი. ამასთან, ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟაც. ხაზგასასმელია ისიც, რომ რეფორმების პროცესი ისევ გრძელდება ევროკავშირის მხრიდან. ამ ყველაფრის მიზანი კი ისაა, რომ საქართველომ შექმნას გამართული საკანონმდებლო გარემო, რომელიც შემდგომში ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას გააძლიერებს.
ევროკავშირი ასევე გვეხმარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებითაც, რომლის პირობებშიც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზარზე მომხმარებელთა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვა განხორციელდა.
გარდა ამისა, ევროკავშირი აფინანსებს ენერგოეფექტურობის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ენერგომოხმარების შემცირებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ. ზოგიერთი მთავარი ინიციატივა:
⏺ ენერგოეფექტური შენობების მხარდაჭერა – საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.
⏺ ენერგეტიკული აუდიტები და სერტიფიცირება – კომპანიებისა და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ენერგომოხმარების ოპტიმიზაცია.
⏺ მწვანე პროექტების დაფინანსება – ენერგიის დაზოგვის და CO₂ ემისიების შემცირების მიზნით.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებითაც იკვეთება. მათ შორის შეგვიძლია რამდენიმე პროექტი გამოვარჩიოთ. მაგალითად, ქართლის ქარის ელექტროსადგური. გორში მდებარე ეს სადგური პირველი ქარის ელექტროსადგურია საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. მისი მშენებლობა შესაძლებელი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით. სადგური ექვსი ქარის ტურბინისგან შედგება და სტაბილურად აწარმოებს ენერგიას. კიდევ ერთი პროექტი შეეხება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციას ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერდნენ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მოდერნიზაციასა და რეაბილიტაციას.
გარდა ამისა, ცალკე უნდა გამოვყოთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელსაც ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის ექსპორტს ევროპაში და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს. რთულია კრებსით შევაფასოთ თუ რა მოცულობის თანხები იხარჯება სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი ენერგეტიკის სფეროში ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სხვადასხვა ფონდებისა დაპროექტების მეშვეობით, მათ შორის:
- EU4Energy პროგრამა – საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის შექმნილი ინიციატივა.
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი(EIB) – ევროკავშირის მხარდაჭერით აღნიშნული ინსტიტუტები საქართველოში ენერგეტიკულ პროექტებში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ.
საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ეტაპობრივად გარდაიქმნება უფრო კონკურენტულ, მდგრად და ენერგოეფექტურ სისტემად. ლიბერალიზაციის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობით. ცხადია სექტორში გამოწვევები არსებობს, მათ შორის, ენერგიის დადგმული სიმძლავრეების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე რა განვითარებაც სექტორს აქვს, ეს დიდწილად სწორედ ევროკავშირის დამსახურებაცაა, ერთი მხრივ ფინანსური, ხოლო მეორე მხრივ გონებრივი რესურსების დახმარებით. ცხადია, სამომავლოდ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის ევროკავშირი კვლავ მნიშვნელოვანი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს აქვს ვალდებულება შეასრულოს მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი, რომელიც სისტემის გაციფრულებას, მომხმარებლის უფლებების კიდევ უფრო განმტკიცებასა და სხვა მრავალ ასპექტს გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენივე ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ევროკავშირი კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად უნდა დარჩეს.