“რატომ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს ვერ ვხვდები”, - ასე ეხმაურება სერტიფიცირებული გიდი, გიორგი დარცმელია BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ “ტურიზმის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებს, რომელიც ტურისტული გიდის, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. ამასთან, ცვლილებები სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს.
დარცმელიას ინფორმაციით, ტურისტული გიდების და გამყოლების სერტიფიცირება არაფერს არ ცვლის და შედეგი ნული იქნება. ის დასძენს, რომ ძველი კანონიც, რომელიც საფუძველშივე უფუნქციოა, მასში ცვლილება არაფრის მომცემი არ უნდა იყოს.
“სერტიფიცირება არაფერს არ ცვლის და შედეგი იქნება 0, ისევე როგორც სამწუხაროდ აქამდე იყო. ძველი კანონიც არ მუშაობდა და ბევრად მიშვებულია ტურიზმის სექტორი. შესაბამისად, თავად გვიწევდა რაღაც წესების შემოღება და ამ წესებისადმი ერთგულების გამოცხადება.
არც ამ კანონის მიღებით შეცვლილა არაფერი და ძალიან საეჭვოა, რომ იმ კანონით, რომელიც არ მუშაობს და რეალურად საფუძველშივე უფუნქციოა, მასში ცვლილებამ რაიმე მოიტანოს. მე არ მესმის საით მივდივართ”, - ამბობს გიორგი დარცმელია.
სერტიფიცირებული გიდი ეთერში განმარტავს, რომ ქართულმა პოლიტიკამ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს თვითრეგულირება. როდესაც სექტორი თავად შეიმუშავებს რეგულაციებს, რომლის ერთგულიც გიდი იქნება.
“სერტიფიცირება ჩვენთვის (გიდებისთვის) არაფერს არ შეცვლის. სერტიფიცირება არის ნებაყოფლობითი. ერთადერთი, სახელმწიფოს მოვალეობა კერძო ინიციატივის აღიარება იყო, რაც არის. ქართულმა პოლიტიკამ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს თვითრეგულირება, რომელიც მსოფლიო გამოცდილებაა. არის რეპორტინგის სქემა, როდესაც დამკვეთი ან მომხმარებელი არის უკმაყოფილო, ამის მიხედვით რეგულირება მოხდება, რის მიხედვითაც თავის სამუშაო პროცესში გაითვალისწინებს. რატომ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს ვერ ვხვდები.
ასოციაციის ხედვა უცხოელ გიდებთან მიმართებაში განსხვავებული იყო. ამ საკითხს ზოგადად უნდა მივუდგეთ და არა კონკრეტულად, რომ კონკურენციაში შემოდიან ქართველ გიდებთან. სინამდვილეში, არანაირი კონკურენცია არ არსებობს. არსებობს რეალობა, როდესაც არანაირი რეგულირება არ არსებობს და არ არის განსხვავება საქართველოს მოქალაქესა და უცხოელს შორის”, - განაცხადა გიდმა.