სპეციალისტების განმარტებით სტიქიური მოვლენების საფრთხე რაჭის რეგიონში მუდმივად არსებობს და მართალია, სტიქიის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ უსაფრთხოების შესაბამისი სისტემების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრაგედიის პრევენცია - პროცესების დროულად აღმოჩენა და ხალხის დროულად ევაკუაცია.
გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული“.
მდინარეების ბუბისა და ჭანჭახის ხეობაში დაძრულმა ღვარცოფმა სტიქიის ზონაში 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მყარი მასა ჩაიტანა.
მეწყერ-ღვარცოფი შოვში დაახლოებით 15 საათზე დაიძრა
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მთაში ჩამოწვა მეწყერი, ჩამოიშალა მთის მასა, მდინარე გადაკეტა ჩამოტანილმა მიწამ, დააგუბა და ორი დღის შემდეგ, 3 აგვისტოს გამოხეთქა.
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ 3 აგვისტოს შოვში ღვარცოფის ნაკადის სიჩქარე დაახლოებით 10 კმ/სთ იყო, რაც ადამიანის სირბილის სიჩქარეს უტოლდება და, შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემები სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს მისცემდა.
„ეს ხეობა სულ 5-7-კილომეტრიანია. იქ რომ სენსორს დაეფიქსირებინა ცვლილება და ყოფილიყო სასიგნალო [განგაშის] სისტემა, სულ მცირე, რამდენიმე წუთი იქნებოდა იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გასულიყო. ვგულისხმობ ეტაპს [სტიქიის] უკვე ჩამოყალიბების შემდეგ. ამის საშუალებას იძლევა სისტემების კომპლექსი, რომელიც არ არის ფუფუნება. ეს არის აუცილებლობა ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც სტიქიური მოვლენების რისკი მაღალია“, - ეუბნება ილია ხუციშვილი რადიო თავისუფლებას.
ხუციშვილი ჩამოგვითვლის უსაფრთხოების სისტემის სამ ძირითად საფეხურს, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:
1. ადრეული შეტყობინების სისტემა
[სხვადასხვა პარამეტრით პროგნოზირება იმისა, რომ კატასტროფის ალბათობა მაღალია];
2. სასიგნალო (განგაშის) სისტემა - უკვე განვითარებულ პროცესზე ინფორმაციის რეალურ დროში მიღება;
3. ხალხის ინფორმირება - როგორ უნდა მოიქცეს ვითარებაში, რომელიც სწრაფ მოქმედებებს საჭიროებს [საით გაიქცეს, სად უნდა მოვიდეს და ა.შ.]
,,ევროკავშირის პრაქტიკას რომ შევხედოთ, მუდმივად ხდება საფრთხეების გადათვლა, მოდელირებები - წყლის რა ნაკადებია მოსალოდნელი და სხვა. ცალკე ხდება გადათვლა კლიმატის ცვლილებების პროგნოზის მიხედვით. თანაც ამ მონაცემების განახლება ყოველ 5-7 წელიწადში ხდება - ამოწმებენ, რამე ხომ არ შეიცვალა“, - გვეუბნება ხუციშვილი და დასძენს, რომ განვითარებულ ქვეყნებში დიდი სიფრთხილის გამო არცთუ იშვიათია „ცრუ განგაში“, მაგრამ ასევე არის შემთხვევები - რომ სტიქია მოულოდნელად ვითარდება და სწორედ „ამ დროს არის საჭირო უსაფრთხოების სისტემის დანარჩენი კომპონენტები“.
ვრცლად: radiotavisupleba.ge