სამშენებლო სექტორისთვის საგადასახადო რეგულაციები მკაცრდება. ფინანსთა სამინისტრომ ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის მიდგომა შეცვალა, რაც დეველოპერებისთვის საგადასახადო ხარჯების ზრდას ნიშნავს.
„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას სამშენებლო კომპანია „ტეტრისის“ დირექტორმა დავით ფანჯაკიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზანი სექტორიდან უფრო მეტი თანხის ამოღება და ბიუჯეტის შევსებაა.
“ქვეყანაში თუ სადმე ინვესტიციები იდება ეს სწორედ დეველოპერული სექტორია. ცხადია ეს იქცევს ყურადღებას, მათ შორის, ხელისუფლების იმ შტოების მხრიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბიუჯეტის ზრდაზე. ბოლო პერიოდში რომ გადახედოთ, უამრავი რეგულაციაა შემოსული მუნიციპალურ დონეზე. შესაბამისად, თუკი არსებობს რაიმე რეზერვი იმისა, რომ ამ სექტორიდან ბიუჯეტში რაც შეიძლება მეტი თანხა შევიდეს, ამ ყველაფერს იყენებს მთავრობა.
სამშენებლო სექტორიც მსგავსია, აგენერირებს მოგებას და აქ ბუნებრივად ხელისუფლებას უჩნდება სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა წამოიღოს ბიუჯეტში. ასეთი რეგულაციები სექტორისთვის არახალია. მე, მაგალითად, გავიხსენებდი დასუფთავების სავალდებულო მოსაკრებელს, რომელიც დაადგინა მუნიციპალიტეტმა თბილისში. ამ მოსაკრებლის მიხედვით, ყოველთვე დეველოპერმა უნდა გადაიხადოს 50 თეთრი. ანუ თუ აშენებ 20 000 კვადრატულ მეტრს საცხოვრისს, ნებართვის მიღებიდან მეორე თვიდანვე გიწევს თვეში 10 000 ლარის გადახდა. თუკი მშენებლობის პროცესი სამ წლიანი გაქვს, მაშინ მარტო 360 000 ლარის გადახდა გიწევს ამ სავალდებულო მოსაკრებლის სახით. შესაბამისად, ეს და სხვა რეგულაციები სექტორში სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა ამოვიდეს ბიზნესიდან და შევიდეს ბიუჯეტში“, - განაცხადა დავით ფანჯაკიძემ.