„საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო“ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს  ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.

პროგრამა, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისის და  გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა,  რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით.  პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია  40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.