რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია გაფართოვდა და მინისტრის ბრძანებით, ჩამონათვალს კიდევ 900-მდე წამალი დაემატა. შედეგად, სიაში ამ ეტაპზე 2313 პრეპარატი შედის.

ამასთან, კანონის თანახმად, ფარმაცევტულ კომპანიებს ფასის გასაჩივრება შეუძლია. გადაწყვეტილებას ფასების დაკორექტირების ან მის ცვლილებაზე უარის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედი სპეციალური კომისია იღებს.

მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის თანახმად, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი წლის ბოლომდე 7000-მდე მედიკამენტზე უნდა გავრცელდეს. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.

jandacva.ge