Monotype-ის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტიპოგრაფია თვითგამოხატვის საშუალებაა. თავისივე Fonts, Feels, & Reels-ის ახალი მოხსენების ფარგლებში 12 000 მომხმარებელი შეისწავლა 6 ქვეყანაში და პასუხი გასცა კითხვას: როგორ უყურებენ Z თაობა, მილენიალები, X თაობა და ბუმერები შრიფტებს სამყაროში, რომელშიც ყველა პოსტი პირველი შთაბეჭდილების მოხდენის საშუალებად ითვლება? აი, პასუხებიც:
1. ფონტები ფონური ხმაური კი არა, ციფრული ხმაა
დღეს შრიფტები ისეთივე წონას ატარებს, როგორსაც თავის დროზე ხელნაწერები. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% სოციალური მედია პოსტების შედგენისას ფონტებს უმნიშვნელოვანეს ნაწილად თვლის, მათგან თაობა ზეტისა და მილენიალების წარმომადგენლებმა კი უფრო მეტი იციან შრიფტების შესახებ, მათ შორის ისიც, თუ როგორ აირჩიონ სანდოობისა და პერსონალიზმის გათვალისწინებით.
2. შრიფტები ემოციებს გადმოგვცემს
ჩათვალეთ, რომ შრიფტი ტანსაცმელია, რომელსაც თქვენსავე სიტყვებს აცმევთ. თაობა ზეტის 65% და მილენიალების 67% ამბობს, რომ მათი შერჩეული ფონტი პირდაპირ მათ ტონს განაპირობებს. გამოკითხულთა 60% კი მიიჩნევს, რომ ტიპოგრაფია პერსონალიზმის გამოხატვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როცა 65% მის დამხმარე როლზე საუბრობს მნიშვნელობის გადმოცემაში. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათთვის ფონტები უბრალო დეკორაცია კი არა, ემოციების გამომხატველი რამ არის, რაც მანამ აყალიბებს განწყობას, სანამ სიტყვას წაიკითხავენ.
3. კარგი ფონტი = კარგი ჩართულობა
რესპონდენტების 78% თანხმდება, რომ გამორჩეული და კარგად შერჩეული ფონტები მოწონების, გაზიარებისა და კომენტარის რაოდენობას ზრდის. თაობა ზეტის 87%-იც ამას ეთანხმება… აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრიფტები აუდიტორიაზე მანამ ზემოქმედებს, სანამ მოწონების ღილაკზე თითის დაჭერას გადაწყვეტენ.
4. ფონტების სიმწირე სოციალურ ქსელებში რეალური პრობლემაა
ინსტაგრამის შეზღუდულმა არჩევანმა თუ დაგღალათ, თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით. კვლევის თანახმად, თაობა ზეტისა და მილენიალების ნახევარი წუხს იმის გამო, რომ სოციალურ მედია პლატფორმებზე ფონტების დაბალი არჩევანია. ამიტომაც უმეტესობა პოსტების დიზაინს პლატფორმის მიღმა აკეთებს და ისეთ პლატფორმებს მიმართავს, როგორებიცაა Canva, Figma და Adobe Express. ეს დამატებითი ძალისხმევა პოსტების განთავსების პროცესს აფერხებს, მეორე მხრივ კი, გვაჩვენებს, რამდენად ადარდებთ ახალგაზრდა კრეატორებს, რომ პლატფორმაზე სწორად გამოიყურებოდნენ.
5. შრიფტი პირველ შთაბეჭდილებას ქმნის
ამასობაში, ტიპოგრაფიამ სოციალურ სივრცეში ისეთივე წონა შეიძინა, რაც ფიზიკურ სივრცეში ხელის ჩამორთმევამ… თაობა ზეტის დაახლოებით 70% და მილენიალების 66% ამბობს, რომ შერჩეული შრიფტი მათ შთაბეჭდილებაზე ზემოქმედებს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი კი მიიჩნევს, რომ ეს ზემოქმედებს ბრენდის ავთენტურობისა და სანდოობის აღქმაზე.
რა დატვირთვა აქვს შრიფტს განსხვავებული თაობების წარმომადგენლებისთვის?
- ბუმერების თაობა იმპულსურად აზიარებს კონტენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად პოსტავენ, მაგრამ ფონტებს ძალიან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ისინი ფოკუსირებულნი არიან თავად შეტყობინებაზე და არა, ესთეტიკაზე.
- X თაობის წარმომადგენლებს ნაკლებად ანაღვლებს ფონტების არჩევანის სიმწირე, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია შრიფტის გავლენა სანდოობაზე.
- მილენიალებს ექსპერიმენტები უყვართ, ისინი შრიფტს იდენტობის მთავარ ნაწილად აღიქვამენ, რომელიც შემოქმედებითობის ნოსტალგიებთან შერწყმის საშუალებას გვთავაზობს.
- თაობა ზეტის წარმომადგენლები კი სულით კრეატორები არიან — მათთვის ფონტები სოციალური ვალუტაა, ამიტომაც სხვების შერჩეულ შრიფტებსაც, საკუთარზე მწვავედ, განსჯიან.
Fonts, Feels, & Reels-ის მოხსენების ზოგადი შედეგები კი აი, ასეთია:
- ინფლუენსერებისა და კრეატორებისთვის ფონტები მათივე ვიზუალური ხმაა. საერთაშორისო არჩევანი კი სანდოობას განაპირობებს, ჩართულობას ზრდის და პოსტებს პერსონალური ბრენდის განაცხადებად აქცევს.
- ბრენდებისთვის ტიპოგრაფია ბრენდის მთავარი აქტივია და არა, დამამთავრებელი შტრიხი — ფონტი განაპირობებს სანდოობას, ავთენტურობასა და ცნობადობას დემოგრაფიებს შორის.
- ციფრული პლატფორმებისთვის ფონტების ბიბლიოთეკის გაფართოება მოგებიანი სვლა უნდა იყოს. ხომ გახსოვთ, თაობა ზეტისა და მილენიალების წარმომადგენლებს პერსონალიზაცია სურთ, შესაბამისად, უნდათ, აღნიშნული პლატფორმებმა დააკმაყოფილოს.
Monotype-ის Fonts, Feels, & Reels-ის მოხსენებას სრულად ამ ლინკზე ნახავთ.