რა რეალობის  წინაშე დააყენა რეფერენტული ფასების ამოქმედებამ ფარმაცევტული სექტორი - აღნიშნულ თემაზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა  ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა ისაუბრა.  მისი თქმით, რეფერენტული ფასების მოდელი რომელიც საქართველოში  ინერგება, პოზიტიურია და ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული. შედეგი კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ხდება მისი დანერგვა.

„რაც შეეხება დანერგვას, ეს არის ახალი პროცესი, პროცესში ბევრი ხარვეზი და ბევრი ტექნიკური გაუმართაობაა. დანერგვის საწყის ეტაპზე მედიკამენტების პირველი ნაწილი შევიდა და არაფერია გასაკვირი იმაში, თუ საწყის  ეტაპზე გარკვეული  ხარვეზებია, ანალოგიური პროცესი მოხდა ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც რეფერენტული ფასები დაინერგა. 

საქართველოში  მედიკამენტების  იმპორტი  და დისტრიბუცია საკმაოდ უნიკალური სისტემაა, რომელშიც ჩართულია პარალელური  იმპორტები, ბევრი სხვადასხვა კომპონენტია, რომელიც  უნდა იყოს გათვალისწინებული, ძალიან რთული სისტემაა და მისი  მიზანი  მედიკამენტებზე  ფასების დაწევაა.“ - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის განმარტებით რეფერენტული სისტემის  დანერგვა განვითარებულ ქვეყნებშიც კი გარკვეულ რისკებს იწვევს, ამ რისკების შესამსუბუქებლად კი არსებობს  შესაბამისი საბჭო, რომელთანაც  სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„ჩემი მოსაზრებით მედიკამენტების ნაწილზე ფასებმა დაიწია,  მედიკამენტების ნაწილი  შევიდა პირველ ჯგუფში, პროცენტულად რთული სათქმელია, თუმცა ფასების  დაწევა  ზოგ  შემთხვევაში 3%-ით, ზოგჯერ 5%-ით მოხდა, მთლიანობაში  ფასებმა  დაიწია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი  მიმდინარეობს.

რაც ეხება თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტს, ამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ბაზარზე ძალიან დიდ გავლენას არ ახდენს. თურქეთში ფასწარმოქმნის სისტემა არის ძალიან რთული, ამიტომ ის ცვლილება, რასაც სახელმწიფო იღებს სხვადასხვა წამალზე, სხვადასხვანაირად აისახება. თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების  შემოტანაზე მოქმედებს ისიც, როდესაც  თურქეთი ზღუდავს ექსპორტს, არის მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც ფასს კი არ ეხება, არამედ გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების  თურქეთიდან გატანას.“ - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.