წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად აღარ გამოიყენეს ევროკავშირის დროშა - ევროკავშირის წევრობა, ყველა ბოლო კვლევით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. მთავრობა მიზეზად ღონისძიების თემატიკას ასახელებს. მისი განმარტებით, 26 მაისის გზავნილი წელს არის "თავისუფლების სიყვარულით".
მედიისთვის ამის განმარტება მთავრობის ადმინისტრაციას მას შემდეგ მოუწია, რაც სოციალურ ქსელებში მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოხატეს, რომ საქართველოს პარლამენტის ფასადზე წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, არ იქნება გამოფენილი ევროკავშირის დროშის გამოსახულებიანი ბანერი.
"წელს 26 მაისის გზავნილია - "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ განმარტებაში.