ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა. აეროპორტის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 29 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება. წლევანდელ ღონისძიებაზე აეროპორტის იუბილესთან ერთად, Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაარსების 10 წლისთავიც აღინიშნება.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედ კომპანიებსა და პარტნიორ ობიექტებს. გზავრებისთვის სპეციალური შეთავაზებები ექნებათ. 29 სექტემბერს კი აეროპორტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც მგზავრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა და სიურპრიზები.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა.
საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
14 წლის წინ კოპიტნარში მდებარე აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული ინფრასტრუქტურით ამოქმედდა. ამ პერიოდში აეროპორტის ტერმინალი არაერთხელ გაფართოვდა, განახლდა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, განვითარდა მგზავრთა მომსახურების სერვისები და აეროპორტი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო საჰაერო ცენტრად ჩამოყალიბდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას. დასასრულს უახლოვდება ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, რაც შორ მანძილზე საჰაერო კავშირების გაფართოების შესაძლებლობას შექმნის.
აეროპორტის დაბადების დღის კვირეულის ფარგლებში პარტნიორების სპეციალური შეთავაზებები და აქტივობები 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს