გენერალურმა პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები გამოითხოვა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას.

პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვრიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები. სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას“, - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.