ევროკომისიამ უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო ფინანსური საჭიროებების დასაფარად და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, იმ პირობებში, როდესაც უკრაინა რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დაცვას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
აღნიშნული თანხა მოიცავს 800 მილიონ ევროს, რომელიც პირველად გაიცემა „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში არსებული „უკრაინის ფონდის“ (Ukraine Facility) კომპონენტით.
ევროკომისია განმარტავს, რომ ეს მერვე ტრანშია Ukraine Facility-ის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია უკრაინის აღდგენის, რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი პროგრესის მხარდასაჭერად.
“თანხის ეს გამოყოფა მოჰყვა უკრაინის მიერ რეფორმების წარმატებით განხორციელებას რამდენიმე სტრატეგიულ სექტორში, მათ შორის: მართლმსაჯულების, ფინანსური ბაზრების, ადამიანური კაპიტალის, ბიზნესგარემოს, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და მწვანე ტრანზიციის მიმართულებით”, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ევროკომისია განმარტავს, რომ მიმდინარე დარჩენილი პერიოდისთვის უკრაინისთვის ხელმისაწვდომია კიდევ 33.7 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა: „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ (Ukraine Support Loan) ფარგლებში გასაცემი რჩება 29.3 მილიარდი ევრო, საიდანაც 16.6 მილიარდი თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობების გაძლიერებას, ხოლო 12.7 მილიარდი -საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება. ამასთან, მიმდინარე წლისთვის Ukraine Facility-ის პაკეტის ფარგლებში კვლავ ხელმისაწვდომია 4.4 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით.