2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად 100 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანხა უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში იქნება მიმართული და სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებას მოხმარდება.
ამ ეტაპზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული პირველკურსელებისთვის სწავლა უფასოა. თუმცა, აღნიშნული ცვლილება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა, რადგან ბიუჯეტი უფასო განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დამტკიცდა.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტში კი უმაღლესი განათლების მიმართულებით შესაბამისი დაფინანსება უკვე გათვალისწინებულია.
„უმაღლესი განათლება - 247,7 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში 100,0 მლნ ლარია გათვალისწინებული უმაღლესი განათლების რეფორმის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტის ასიგნებების ნაწილში უმაღლესი განათლებისთვის 2027 წელს 234 მილიონი ლარის დაფინანსებაა განსაზღვრული. ეს 2026 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 61.1 მილიონი ლარით მეტია.