ქალაქური სამკაულის ხაზის განვითარების მიზნით ორგანიზაცია  „კულტურა მდგრადი განვითარებისათვის“ ახორციელებს პროექტს „ძველი თბილისის სამკაული“, რომლის ფარგლებშიც ხელოვნებათმცოდნემ და სიძველეთა ექსპერტმა ინგა ვაჩეიშვილმა, თავის გუნდთან ერთად, 10  ნაკეთობა შექმნა, რომლებიც 11 ივნისს გალერეა „ვაჩეში“ გაიყიდება. როგორც „კომერსანტთან“„კულტურა მდგრადი განვითარებისათვის“ დამფუძნებელი თეონა ჯაყელი აცხადებს, აუქციონიდან შემოსული თანხა, არსებული პროექტის ბაზაზე, ქალაქური სამკაულის ხაზის განვითარებისათვის იქნება გამოყენებული.

„პროექტი „ძველი თბილისის სამკაული“ მიზნად ისახავს დედაქალაქის ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი არტეფაქტების (XI-XII საუკუნეების მოჭიქული კერამიკის) დეკორატიული მოტივებით ქალაქური სამკაულის დამზადებას და ახალი თბილისური სამკაულის ხაზის შექმნას.

სამკაულის კონცეფცია აიგო თბილისის შესახებ შექმნილ პოეზიაზე: პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის „თბილისო“, ლადო ასათიანის „არ ვიცი ასე რამ შემაყვარა“, პაოლო იაშვილის „ჩემი ქალაქი“, იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“, იოსებ გრიშაშვილის  „გამოთხოვება ძველ თბილისთან“,  ნინო ორბელიანის  „ლექსნი“, გიორგი ლეონიძის „ვაშლის ყვავილები“, ასევე იმ ქალაქელი პოეტების შემოქმედებაზე, ვის გარეშეც წარმოუდგენელია ძველი თბილისის ყოფა: კინტო გ. ხეჩუაშვილის „ისარი“, ბეჩარა „სამაიას ხმაზე“, ჰაზირა „სულოჯან“ და გიორგი სკანდაროვა „თუთის ფოთოლი“.

პროექტის ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნემ და სიძველეთა ექსპერტმა ინგა ვაჩეიშვილმა, მის გუნდთან ერთად შექმნა 10  ნაკეთობა. ექსკლუზიური სამკაულისთვის გამოყენებულ იქნა ვერცხლი, ოქრო და ძვირფასი ქვები. კოლექციის გამოფენა-გაყიდვა 11 ივნისს მოეწყობა გალერეა „ვაჩეში“. აუქციონიდან შემოსული თანხა გამოყენებული იქნება არსებული პროექტის ბაზაზე ქალაქური სამკაულის ხაზის განვითარებისათვის,“ - აცხადებს თეონა ჯაყელი.

მისი თქმით, პროექტი „ძველი თბილისის სამკაული“ ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობითა და  გალერეა ვაჩესთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„კულტურა მდგრადი განვითარებისათვის“ ახლად დაარსებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანი: შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარება, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კვლევებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა და სახელოვნებო დარგების პოპულარიზაცია.