"მე პირადად ვიქნები ინიციატორი იმისა, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში და აქციებში მონაწილეებისთვის იყოს აკრძალული. ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემა იქმნება, ქვებს ისვრიან, სპეცრაზმს ესვრიან. ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ ან ვერა, ახლა ვიღაცა ჟურნალისტს თავს დაესხა, ან მიაგნებ ან ვერა, ასეთი საშინელება ხდება. ეს არის ჩემი აზრი," - თქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში.
მდინარაძის განმარტებით, მის ინიციატივას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა და დარწმუნებულია, რომ ამ თემას ექნება მხარდაჭერა. მდინარაძემ იქვე მიმართა ოპონენტებს, რამდენად მისაღებია მათთვის ნიღბით რომ გადაადგილდებიან უცხო პირები.
„მე და ირაკლი კობახიძე ვლაპარაკობდით ამ თემაზე გუშინ და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზეა, ვიცი, მაგრამ ახლა მოვიდა ეს მომენტი. დარწმუნებული ვარ, რომ მხარს დამიჭერენ ჩემი მეგობრები და კოლეგები, განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება... ვისაც უნდა ჩამოიცვამს ნიღაბს, ხან პოლიციელს ქვას ესვრის, ხან ჟურნალისტს გალახავს, ხან ოპერატორს თავს დაესხმება და მერე გამომძიებლებმა ირბინონ ქუჩა-ქუჩა, აბა იქნებ თვალებით იცნოს ვიღაცამო. რეალურად, ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რაზეც მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი და ერთი დეპუტატი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივი ინიციატორიც ვიქნები და თანახმაც ვარ და მე მგონია, რომ ამ საკითხს ექნება გამოხმაურება ჩვენების მხრიდანაც. ვკითხოთ, აბა, ჩვენს ოპონენტებსაც, ნიღბით რომ დარბიან ვიღაც მავნებლები თუ პროვოკატორები, უფრო პროვოკატორები, იქნებიან თუ არა თანახმა? ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება იმ მარაზმზე, რაც ვნახე რამდენიმე წუთის წინ“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე მედიის მხარდამჭერი აქცია იმართება.
გუშინდელ აქციაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ჩართვისას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, წაართვეს ტექნიკა. ჟურნალისტიც და ოპერატორიც ტვინის შერყევით კლინიკაშია მოთავსებული. მალევე "ტვ პირველის" დირექტორმა, ვატო წერეთელმა $25 000 დააწესა ჯილდო მათთვის, ვინც მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მიაწვდიდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს რომ ამას აკეთებს ნიღბიანი დაჯგუფება, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ. საზოგადოების ნაწილი ამ სისასტიკეს "ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკებს მიაწერს, თუმცა, თავად "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მედიაზე თავდამსხმელებს არანაირი კავშირი მათთან არ აქვთ.
ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
შეგახსენებთ, ცხრა ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.