'ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ჩვენი აქტივის წევრები, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

მდინარაძის მტკიცებით, თავდასხმა განახორციელა მან, ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა.

„ჩემი სუბიექტური აზრია, ვისაც არეულობა, ქაოსი და ახალი ე.წ კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმის მითუმეტეს, არის ამორალური“, - აცხადებს მდინარაძე.

ფაქტს გამოეხმაურა ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძეც, რომელიც ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმა პროვოკაციაა. 

მისი განცხადებით, აღნიშნული პროვოკაცია ჩაიდინა იმან, ვისაც კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია და დაპირისპირება სურს.

„ეს არის პროვოკაცია, ჩაიდინა მან ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად“ - წერს ბოჟაძე.

შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. 

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. გადაკეტილია მელიქიშვილის ქუჩა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

ცნობისთვის, ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

შეგახსენებთ, ცხრა ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს. 

ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკავებს აქციის მონაწილებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან. 

დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდშიქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეშიახმეტაში.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდებამისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა. 

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი.  მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს. 

ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.

უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.

მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი

ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.

პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაციასტუმარ-მასპინძლობა და სხვა.