პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ოთხი წლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სინამდვილეში ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ოთხი წლით“. სინამდვილეში ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ „2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას“. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნული განცხადების შეფასებისას განაცხადა, „ნამდვილად სამწუხაროა გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“.