“ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტით, ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა იმიჯნება და პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება - იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადები.

სასჯელის ზომები მკაცრდება როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნისთვის, ასევე, გასაღებისთვის.

ასევე, მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა ასევე გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას და მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას - 3 წლის ვადით.

განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. აგრეთვე განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

ipn.ge