მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ოპერაციების იმ ტარიფებით გაკეთება, რასაც „დიარჯი“ სისტემა ითვალისწინებს, წარმოუდგენელია.

ამის შესახებ „ემ-ემ-ტე ჰოსპიტლის“ ქირურგმა,  ონკო-უროლოგმა, გურამ ქარაზანაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ საუბრისას განაცხადა.

პრობლემის საილუსტრაციოდ მან მოიყვანა რამდენიმე დღის წინ მის პრაქტიკაში მომხდარი შემთხვევა, როცა მცირეწლოვანს ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა დასჭირდა, რაშიც თურქეთის კლინიკამ 20 ათასი დოლარი მოითხოვა. საქართველოში კი, სადაც, ქარაზანაშვილის თქმით, ეს ოპერაცია წარმატებითაა დანერგილი, „დიარჯის“ სისტემით აღნიშნული ჩარევა 2300 ლარადაა შეფასებული. მხოლოდ ერთჯერადი ულტრაბგერითი სკალპელი კი, რომელიც ამ ოპერაციის ჩასატარებლადაა აუცილებელი, 2 ათასი ლარი ჯდება.

 „ესაა 7-საათიანი ოპერაცია, უდიდესი გართულებებით, 2300 ლარი შეიძლება ნახევარი დღის წამალს არ ეყოს. დავაყენეთ ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში და პასუხი არ მიგვიღია. გარკვეულ ტარიფებს ზრდიან, მაგრამ საუბარია 100-200 ლარზე, რაც არაფერს ცვლის. უახლესი მოდელის მერსედესს 10 ლარად ხომ ვერ იყიდი. ეს მხოლოდ ჩემ დარგს არ ეხება. ონკოქირურგია, რეკონსტრუქციული ქირურგია, რაც რთულ და მაღალტექნოლოგიურ ქირურგიას გულისხმობს - ამ მიმართულებებით დიარჯის ტარიფები უბრალოდ სასაცილოა და ამ ფასად ოპერაციის ჩატარება წარმოუდგენელია.

აქ საუბარი არაა ხელფასებზე და კლინიკაზე. ქირურგიას სჭირდება მთელი გუნდი - სანიტრები, ექთნები, ექიმები... აპარატურის ნაწილები ძალიან ძვირი ღირს,“- განაცხადა ქარაზანაშვილმა.