ჰორმუზის სრუტის ირგვლივ გამწვავებულმა სამხედრო და პოლიტიკურმა კრიზისმა ენერგეტიკული ბაზრის გავლენა ავტომობილების ფასებზეც თვალსაჩინო გახადა. აშშ-ში საწვავის გაძვირების ფონზე მომხმარებლების ნაწილი შედარებით დაბალი საოპერაციო ხარჯის მქონე ელექტრომობილებისკენ გადაინაცვლა, რის შედეგადაც მეორადი EV-ების მოთხოვნა და საბითუმო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. Cox Automotive-ის Manheim-ის ინდექსის მიხედვით, 2026 წლის ივნისში მეორადი ელექტრომობილების საბითუმო ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით, მაისთან შედარებით კი 1.7%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში შიგაწვისძრავიანი და ჰიბრიდული ავტომობილების ფასების წლიური ზრდა მხოლოდ 1.7% იყო.

ფასების ზრდა მხოლოდ აუქციონების სტატისტიკით არ შემოიფარგლება. მაისში აშშ-ში მეორადი ელექტრომობილის საშუალო სარეკლამო ფასი 37 083 დოლარს აღწევდა, რაც წინა თვესთან შედარებით 3.8%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში 3.1%-ით მეტია. ამავე თვეში გაიყიდა 42 923 მეორადი ელექტრომობილი, წლიური ზრდა 24.7%-ს შეადგენდა. მეორადი EV-ის საშუალო ფასი უკვე 2 227 დოლარით აღემატებოდა შიგაწვისძრავიანი და ჩვეულებრივი ჰიბრიდული ავტომობილების საშუალო ფასს.

ამ მონაცემების საფუძველზე ჩატარებული საორიენტაციო გაანგარიშებით, მაისში გაყიდული მეორადი ელექტრომობილების ჯამური სარეკლამო ღირებულება დაახლოებით 1.59 მილიარდ დოლარს აღწევდა. გასული წლის შესაბამისი გაყიდვების მოცულობისა და საშუალო ფასის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 354 მილიონი დოლარით, ანუ 28.6%-ით მეტია. ეს არ არის დილერების რეალური შემოსავლის ზუსტი მაჩვენებელი, რადგან გაანგარიშება სარეკლამო და არა საბოლოო გარიგების ფასებს ეფუძნება, თუმცა ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად გაიზარდა მეორადი ელექტრომობილების ბაზრის ფულადი მოცულობა.

მოთხოვნის მთავარი კატალიზატორი საწვავის ფასია. ივლისის პირველ ნახევარში აშშ-ში ერთი გალონი რეგულარული ბენზინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 3.88 დოლარს შეადგენდა, ერთი წლით ადრე არსებული 3.17 დოლარის წინააღმდეგ, რაც დაახლოებით 22.5%-იან ზრდას ნიშნავს. მაისში საშუალო ფასი დროებით 4.56 დოლარამდეც ავიდა. AAA ფასების ბოლო ზრდას ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ გაურკვევლობას, ნავთობის ბაზრის მერყეობასა და გადამამუშავებელ სექტორში მიწოდების პრობლემებს უკავშირებს.

ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობა მხოლოდ რეგიონული კონფლიქტით არ განისაზღვრება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს სრუტის გავლით ყოველდღიურად თითქმის 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებს სრუტის გვერდის ავლით მხოლოდ დაახლოებით 3.5 მილიონიდან 5.5 მილიონ ბარელამდე ნავთობის გატანის თავისუფალი სიმძლავრე აქვთ. შესაბამისად, ჰორმუზში ტრანსპორტირების ხანგრძლივი შეფერხების სრულად ჩანაცვლება არსებული ინფრასტრუქტურით შეუძლებელია.

სწორედ ეს გარემოება ზრდის არა მხოლოდ ნავთობის ფასს, არამედ ტანკერების დაზღვევის, დაქირავებისა და ტრანსპორტირების ხარჯსაც. Reuters Breakingviews-ის შეფასებით, ჰორმუზში უსაფრთხოების გაზრდილი რისკი გადამზიდავებისთვის ფაქტობრივად დამატებით გადასახადად იქცა, რომელიც საბოლოოდ საწვავის საცალო ფასსა და მომხმარებლის ხარჯებში აისახება. ივლისის დასაწყისში Brent-ის ფასი დროებით შემცირდა, თუმცა სრუტეში ახალი თავდასხმებისა და სამხედრო დაძაბულობის შემდეგ კვლავ მკვეთრად მერყეობდა. ეს ნიშნავს, რომ ელექტრომობილების მოთხოვნაზე გავლენას მხოლოდ ბენზინის მიმდინარე ფასი კი არა, სამომავლო გაძვირების მოლოდინიც ახდენს.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის მიწოდების შოკით გამოწვეულმა ელექტრომობილების გაყიდვების დაჩქარებამ 2027 წლის ბოლოსთვის გლობალური ნავთობის მოთხოვნა დღეში დაახლოებით 320 000 ბარელით შეიძლება შეამციროს. ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში ელექტრომობილების წილმა გლობალური ახალი ავტომობილების გაყიდვებში 26.1%-ს მიაღწია. ეს შეფასება აჩვენებს, რომ ჰორმუზის კრიზისი მოკლევადიანი ფასობრივი შოკის გარდა, ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის პროცესსაც შეიძლება აჩქარებდეს.

თუმცა მეორადი ელექტრომობილების გაძვირება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ზრდა შეუქცევადია. აშშ-ის ბაზარზე თანდათან იზრდება სამი წლის წინ ლიზინგით გაცემული ელექტრომობილების რაოდენობა, რომლებიც ახლა მეორად ბაზარზე ბრუნდება. მიწოდების მატებამ შესაძლოა ფასებზე ზეწოლა შეამციროს. მეორე მხრივ, თუ საწვავი ძვირი დარჩება ან ჰორმუზში ტრანსპორტირების რისკი კვლავ გაიზრდება, დამატებითი მიწოდება შეიძლება მზარდმა მოთხოვნამ სწრაფად შეიწოვოს.

ბაზარზე პარადოქსული სურათი იქმნება: მეორადი ელექტრომობილები ძვირდება და მათი გაყიდვები იზრდება, მაშინ როდესაც ახალი EV-ების ამერიკული ბაზარი ჯერ კიდევ სუსტია. Cox Automotive-ის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში ახალი ელექტრომობილების გაყიდვები წლიურად 27%-ით შემცირდა და 216 399 ერთეული შეადგინა. ეს განსხვავება მიუთითებს, რომ მომხმარებლები ელექტრომობილზე უარს კი არ ამბობენ, არამედ უფრო ხელმისაწვდომ ფასად ცდილობენ მის შეძენას.

ჰორმუზის კრიზისის მთავარი ეკონომიკური ეფექტი საავტომობილო ბაზრისთვის მოთხოვნის გადანაწილებაა. ძვირი საწვავი ამცირებს შიგაწვისძრავიანი ავტომობილის ფლობის მიმზიდველობას, ზრდის მეორად ელექტრომობილზე მოთხოვნას და აჩქარებს მის გაძვირებას. შედეგად, EV-ის მფლობელები აქტივის შედარებით მაღალ გადაყიდვის ღირებულებას იღებენ, მყიდველები კი საწვავზე სამომავლო დანაზოგის სანაცვლოდ უფრო დიდ საწყის ფასს იხდიან. ბაზრის შემდგომი მიმართულება დამოკიდებული იქნება სამ ფაქტორზე: ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაადგილების სტაბილურობაზე, აშშ-ში საწვავის ფასსა და ლიზინგიდან დაბრუნებული ელექტრომობილების მიწოდების მასშტაბზე.

წყაროები: