დანიასა და გერმანიას შორის ინოვაციურმა, აკუმულატორებზე მომუშავე სატვირთო ბორანმა დაიწყო მოძრაობა. 45-წუთიანი მგზავრობის შემდეგ მის სრულად დასატენად მხოლოდ 12 წუთია საჭირო.
ახალმა საბორნე მარშრუტმა გერმანიის ქალაქი პუტგარდენი და დანიის ქალაქი რედბიუ დააკავშირა.
გემი The Baltic Whale, ანუ „ბალტიის ვეშაპი“, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 10 მეგავატსაათიანი სიმძლავრის საბორტო აკუმულატორული სისტემითაა აღჭურვილი.
ეს ბორანს საშუალებას აძლევს, ჩვეულებრივ რეჟიმში სრულად ელექტროენერგიაზე იმუშაოს. ამასთან, გემს გენერატორებიც აქვს, რომელთა ჩართვაც საგანგებო ვითარებაშია შესაძლებელი.
ბალტიის ზღვაში მდებარე პუტგარდენი–რედბიუს საბორნე მარშრუტი სკანდინავიასა და ცენტრალურ ევროპას შორის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო დერეფნად მიიჩნევა.
ამ გზით ყოველდღიურად ასობით სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება, რომლებსაც საკვები პროდუქტები, სამრეწველო საქონელი, ავტომობილების ნაწილები და სხვა სახის ტვირთი გადააქვთ.
ახალი ელექტრობორანი გადამზიდავი კომპანია Scandlines-ის გარემოსდაცვითი სტრატეგიის ნაწილია.
კომპანია გეგმავს, რომ 2040 წლისთვის სრულად გადავიდეს გარემოსთვის უსაფრთხო, მავნე გამონაბოლქვის არმქონე გემებზე.