ბავშვთა ორთოპედია ფართო სპეციალობაა. ის მოიცავს ძვლების, სახსრების, კუნთების, მყესების, იოგების თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების მკურნალობას. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედმა ამირან შარაბიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, ზოგი თანდაყოლილი ორთოპედიული დაავადების აღმოჩენა დაბადებისთანავე ან მუცლადყოფნის პერიოდშიც ხერხდება, ზოგი მათგანის გამოვლენას დრო სჭირდება. ამიტომ, ნაადრევ დიაგნოსტიკას, დროულად და სწორად დაწყებულ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„კომერსანტი“ ამირან შარაბიძეს ბავშვთა ასაკში ორთოპედიული გასინჯვის საჭიროებაზე, ორთოპედიულ პრობლემებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა.
რა ასაკშია რეკომენდებული ბავშვის ორთოპედიული გასინჯვა?
ამირან შარაბიძე, „ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედი: ვინაიდან ორგანიზმი დაბადების შემდეგ ჩამოყალიბების პროცესს აგრძელებს, ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ზრდასრული ადამიანისგან განსხვავებულია და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.
თუ ზოგი თანდაყოლილი ორთოპედიული დაავადების აღმოჩენა დაბადებისთანავე ან მუცლადყოფნის პერიოდშიც ხერხდება, ზოგის გამოვლენას დრო სჭირდება. ამიტომ, ნაადრევი დიაგნოსტიკისა და შესაბამისად ეფექტური მკურნალობის განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია 1 წლის ასაკამდე ბავშვი ორთოპედის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ზოგადად, 3 თვემდე უნდა გაკეთდეს მენჯ-ბარძაყის სახსრების ექოსკოპია. ეს გამოკვლევა ავსებს კლინიკურ სურათს და წარმოდგენას გვაძლევს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. გამოკვლევის ჩატარებისას სასურველია ჩაინიშნოს ვიზიტი ბავშვთა ორთოპედთანაც. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ რისკ-ჯგუფში მყოფი ახალშობილები, ესენი არიან ჭარბი წონით დაბადებული ბავშვები, დატვირთული ოჯახური ანამნეზით, ტყუპისცალები, მუცლადყოფნის პერიოდში არასწორი მდებარეობისა და სამშობიარო ტრავმების მქონეები და ა.შ.
ძირითადად რა სახის ორთოპედიული პრობლემებია გავრცელებული ბავშვებში?
ორთოპედიული დაავადებები განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ეტიოლოგიურად ასევე პათოგენეზურად. ისინი წარმოდგენილია ფართო სპექტრით: ტერფმრუდობა, სინდაქტილია, პოლიდაქტილია, მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა, დისპლაზია, ქვედა კიდურების ვარუსული ან ვალგუსური დეფორმაციები, ბრტყელტერფიანობა, კიფოზი, სკოლიოზი, კიდურების ასიმეტრია, სხვადასხვა მალფორმაცია, ოსტეოქონდროპათი ზრდის დარღვევები იმ ორთოპედიული პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პედიატრიულ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. თუმცა, 21-ე საუკუნეში, ცხოვრების ნაკლებად აქტიური წესის დამკვიდრებამ და დიაგნოსტირების საშუალების დახვეწამ, განსაკუთრებით გაზარდა მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის, სკოლიოზის და ბრტყელტერფიანობის აქტუალობა.
როგორ ხდება აღნიშნული დაავადებების გამოვლენა?
სამივე დაავადების გამოსავლენად, პირველ რიგში აუცილებელია პაციენტის სრულყოფილი კლინიკური გასინჯვა. შემდგომ კი, დაავადების ხარისხის განსასაზღვრად და მკურნალობის ტაქტიკის დასაგეგმად ისეთი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტული გამოკვლევები, როგორიცაა რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია, პლანტოგრაფია, ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და სხვა კვლევები.
რა ტიპის სკოლიოზები გვხვდება ბავშვებში?
ასაკთან მიმართებით, ბავშვთა ასაკში არსებობს სკოლიოზის 3 ტიპი, ესენია: ინფანტილური სკოლიოზი - 0-3 წლამდე; იუვენილური სკოლიოზი 3-10 წლამდე; მოზარდთა სკოლიოზი 10-18 წლამდე.
ნებისმიერ ეტაპზე სკოლიოზის დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პუბერტატული ასაკი, ესაა გოგონებისთვის 11-13, ხოლო ბიჭებისთვის - 13-15 წელი. ეს პერიოდი სწრაფი ზრდით ხასიათდება და შეიძლება მანამდე არსებულმა უმნიშვნელო პრობლემამ სულ რამდენიმე თვეში მძიმე ფორმა მიიღოს. აქედან გამომდინარე, სასურველია სკრინინგის ჩატარება 10-12 წლის ასაკში.
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ თავიდან იქნას აცილებული ორთოპედიული პრობლემები?
ორთოპედიული პრობლემის გადაწყვეტა ბავშვთა ასაკში უმეტესად არაქირურგიული გზით ხერხდება, ნაადრევად დადგენილი დიაგნოზი, ასვევე დროულად და სწორად დაწყებული კონსერვატიული მკურნალობა, კინეზითერაპია, ორთოპედიული კორსეტები, სამკურნალო ვარჯიშები, ფიზიკური დატვირთვის შერჩევა და ცხოვრების წესის შეცვლა უხშირესად დადებით შედეგს იძლევა. იშვიათად დაავადების მძიმე მიმდინარეობის ან მისი დაგვიანებით გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ორთოპედის გარდა, მნიშვნელოვანია მშობლის როლი. მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის სხეულის ნებისმიერ დეფორმაციას, იქნება ეს ხერხემლის სვეტის გადახრა, ბეჭების ასიმეტრიული დგომა, ქვედა კიდურების X-სებური დეფორმაცია, კოჭლობა, სიარულის მანერა თუ სხვა.
ამ ტიპის პრობლემების შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს ბავშვის ცხოვრების წესი, რა რეკომენდაციას აძლევთ ბავშვებს და მშობლებს?
ორთოპედიული პრობლემის არსებობისას საჭიროა რეკომენდაციების ზუსტად შესრულება, აქტიური ცხოვრების წესი, სამკურნალო ვარჯიშები, სწორი კვება და რეჟიმის დაცვა უნდა გადაიქცეს ბავშვის ყოველდღიურ საქმიანობად. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი პრობლემების აღმოფხვრა რამდენიმე კვირაში ვერ ხერხდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ განწყობასაც.